სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორან „ბერმუხას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორან „ბერმუხას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევის ფარგლებში, რესტორან „ბერმუხადან“ მზა კერძების ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიული კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ, ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის (E.coli) ბაქტერიები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რესტორანში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, მზა კერძების მომზადების საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.