სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ოზურგეთში ადგილობრივ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ოზურგეთში ადგილობრივ ბიზნესსექტორს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, დისკუსიას ათეულობით მეწარმე დაესწრო. ნინო ჩიქოვანმა დეტალურად მოისმინა ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესში არსებობს და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას გურიის ბიზნესსექტორში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცელი ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს. ასევე, რეგიონში დამწყები მეწარმეებისთვის იაფი სესხების გაცემის პრობლემას ხედავენ. ძირითადად შეხვედრაზე ჩაის პლანტაციების მეპატრონეები იმყოფებოდნენ, ეს გურიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიზნესსფეროა. მათ კითხვები სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ჰქონდათ, რომელიც ჩაის წარმოების განვითარებაზეა მორგებული.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, „ღია დიალოგი ბიზნესთან“ არის პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

”პრეზიდენტი და პალატის გუნდი რეგიონებში ბიზნესსექტორს ხვდებიან და კონკრეტული პრობლემების მოსმენის შემდეგ მათი გადაჭრის გზებზე მუშაობენ. პროექტი ზუგდიდიდან დაიწყო, სადაც პალატა სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიზნეს სექტორს შეხვდა, შემდეგ კი კონკრეტული პროექტებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრიომლობის ფონთან (GIZ) და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ჩავიდა. სამეგრელოს რეგიონის ბიზნესსექტორის პრობლემები ძირითადად თაფლის, თხილისა და ავეჯის წარმოებას შეეხებოდა. ანალოგიური შეხვედრა შედგა ქუთაისშიც, სადაც დისკუსია 2 საათს გაგრძელდა და მეწარმეთა უმეტესობას პრობლემად DCFTA ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა მიაჩნდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ღია დიალოგი ბიზნესთან” ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებში სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი და არაწევრი მეწარმეები იღებენ მონაწილეობას. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში შეხვედრები სამეგრელოში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და შიდა ქართლში ჩატარდა.

”შემდეგი ვიზიტი გურიაში უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შედგება, რომელთა სერვისებისადმი ინტერესიც დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.