ვახტანგ რჩეულიშვილი - ჩვენ გვაქვს მშენებლობების დასამთავრებელი ფული, მაგრამ ამ თანხას არ გვაძლევს ხელისუფლება, რომელსაც ”ცენტრ პოინტის” ვალი 20 მილიონი აქვს

სახეზეა გამოძალვა სახელმწიფოს მონაწილეობით, რათა საკუთარი მადა დაიკმაყოფილონ, - ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურაში მაია რჩეულიშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს „ცენტრ-პოინტის“ ვალი აქვს 20 მილიონი და თუ სახელმწიფო ხელს არ შეუშლის მათ, ისინი ყველას გაისტუმრებენ.

„მე ამ ადამიანების მესმის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მშენებლობების დასამთავრებელი ფული და ამ თანხას არ გვაძლევს ხელისუფლება, კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო. ყველა ბინა მზადაა. ვინც დღეს აქ იყვნენ შეკრებილები, არ არიან დაზარალებულები. მე მაქვს კითხვა, რატომ მიშლიან ხელს ამ ხალხის გასტუმრებაში? მიშინებენ ინვესტორებს ამ პროვოკაციებით. აქ არის გამოძალვა სახელმწიფოს მონაწილეობით საკუთარი მადის დასაკმაყოფილებლად. ეს ხალხი დაკმაყოფილდება, თუ ჩვენ ხელისუფლებამ მუშაობაში ხელი არ შეგვიშალა“, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

რჩეულიშვილი პროვოკაციების მოწყობაში სააკაძის ქუჩაზე ერთ-ერთ ობიექტზე მცხოვრებ პირს ადანაშაულებს. „კრიხელს და მის ჯგუფს უნდათ ნახევარ ფასად ჩაიგდონ მშენებლობა. ეს „სვისტოკები“ მათი ნაყიდია, უნდათ „ცენტრ-პოინტის“ ქონების გადანაწილება, მაგრამ ვერ მიიღებენ“, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.