რა მდგომარეობაშია ბათუმის "მაგნოლია" და რას ამბობენ მობინადრეები რჩეულიშვილებზე

რა მდგომარეობაშია ბათუმის "მაგნოლია" და რას ამბობენ მობინადრეები რჩეულიშვილებზე: "მტვერია, ნაგავია, ვირთხები დარბიან ყველგან"

"სულ ყველა დასაჭერია", - ასე ეხმაურებიან "ცენტრ-პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლების პროკურატურაში დაბარებას ბათუმის "მაგნოლიას" მობინადრეები AMBEBI.GE-ს ბათუმელ კორესპონდენტთან საუბრისას.

"მაგნოლიაში" ბინის მფლობელი ნანა გეწაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლიფტის მოწესრიგების, შენობის გადახურვის, ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სისუფთავისთვის კომპანიას თანხები აღებული აქვს, თუმცა ვალდებულებები არ შეუსრულებია:

იხილეთ ვიდეორეპორტაჟი რჩეულიშვილების საბედისწერო "მაგნოლიადან"

"ყოველ დღე გვპირდებიან, მაგრამ დანაპირების შესრულებას ბოლო არ უჩანს", - აღნიშნა ნანა გეწაძემ.

"მაგნოლიას" კიდევ ერთი მობინადრე, A ბლოკის მეხუთე სართულზე ბინის მფლობელი ლილი თბილელი "ცენტრ პოინტს" პროკურატურაში უჩივის. ის ხვალ აპირებს საგამოძიებო უწყებაში მისვლას და იმ სიტუაციის შესახებ საუბარს, რაც მის კორპუსშია:

"ჩემი საჩივარი ეხება იმას, რომ ამდენი წელია ეს შენობა მოუწესრიგებელია. გასულ წელს სახურავზე დააშენეს კიდევ ერთი სართული. ვიცი, რომ უკანონო და უნებართვო დაშენებაა და ამას დამატებული ისიც, რომ ცუდად გააკეთეს სამუშაოები. A ბლოკის ერთი ფასადი წვიმამ ჩამორეცხა. წყლის ჩამოსვლის მერე გადამეწვა ტექნიკა. გარდა ამისა, ამდენი წელიწადია ნაგავს ვერ დავაღწიეთ თავი. პროკურატურაში რას მკითხავენ არ ვიცი, მაგრამ მე ვაპირებ ამ პრობლემებზე საუბარს", - აღნიშნა ლილი თბილელმა.

"მაგნოლიაში" აქვს ბინა ალიონა ბაქსის, რომელიც ზაფხულობით სამი თვით ბათუმში ისვენებს. ბაქსს ყველაზე მატად ანტისანიტარია აწუხებს და ითხოვს კორპუსის დროულად ჩაბარებას: "ჩვენი სახლი არ არის ჩაბარებული მეათე წელია. ბოლო არ უჩანს ამ კორპუსის დასრულებას. მტვერია, ნაგავია, ვირთხები დარბიან ყველგან. საშინელ დღეში ვართ", - აცხადებს ალიონა ბაქსი.

"მაგნოლიაში" მეექვსე სართულზე ბინის მეპატრონე ლიკა არველაძე ამბობს, რომ კორპუსის ბოლო სართულებზე დაშენებების გამო სადარბაზოში წვიმს და წყალი ელექტრომრიცხველებში ჩადის, რის გამოც შუქი ითიშება. ლიკა არველაძე ამბობს, რომ კორპუსის ადმინისტრაცია ყოველწლიურად თანხებს ახდევინებს, მაგრამ პირობებს არ ასრულებს:

"სადარბაზოში შესვლისთვის შეგვაძენინეს ჩიპები, რომელშიც გადაგვახდევინეს 150 ლარი. რა აზრი აქვს ქვემოთ კარების დაკეტვას, როცა ურემონტო ბინებიდან ჩემს სართულზე ნებისმიერს შეუძლია გადმოსვლაც და გადასვლაც. აქ არის ჩვეულებრივი ანტისანიტაცია. ნაგვის გატანისთვისაც თანხა გადაგვახდევინეს. როცა წვიმს, სადარბაზოში წყალი ჩამოდის, დენის მრიცხველებს ესხმება და შუქი ითიშება. გასულ წელს ასე არ ხდებოდა, ვფქრობ წელს რომ დაშენება გააკეთეს სულ ზემო სართულზე, იქ რაღაც მთლად წესრიგში არაა და წვიმა ჩამოდის ამიტომაც", - აღნიშნა ლიკა არველაძემ.

"მაგნოლიას" მობინადრეების თქმით, პრობლემას წარმოადგენს სადარბაზოების მოუწესრიგებლობა და განათების არარსებობა. ასევე, შეფერხებით მუშაობს ლიფტებიც.

ავტორი ნინო ხოზრევანიძე

წყარო: AMBEBI.GE