თბილისის მერია ხანდაზმულისთვის კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურების შეთავაზებას უარყოფს

თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მერიამ შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ეს ინფორმაცია არის ტყუილი, მიზანმიმართული სიცრუე და არაპროფესიონალიზმი.

”მედიამ გამოიყენა 1 წლის წინანდელი ცრუ ინფორმაცია და გაავრცელა როგორც ახალი ამბავი. იმის მიუხედავად, რომ 2015 წელს, აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა განმარტება და ანა გაგუას ოჯახის წევრებმა - ანა მამრიკაშვილმა და მისმა მეუღლემ ალექსანდრე კუტუბიძემ აღიარეს ბებიისთვის სარიტუალო მომსახურების შეთავაზებაზე ხუმრობა.

თუმცა, გამოცემისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გუშინ სააგენტომ „ახალი ამბავი“ გაავრცელა რეალური რიცხვით - 11.07.2016. ახლა კი თარიღი შეცვლილია და მითითებულია - 11.07.2015, თითქოს, შარშან განთავსდა მათ ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მერიის მხრიდან სარიტუალო მომსახურების შეთავაზებაზე ცრუ ინფორმაცია 3 ივლისს გავრცელდა და არა 11 ივლისს. რაც მოწმობს იმას, რომ, ამჟამად, არსებული მასალა ვერ იქნება 2015 წელს დაწერილი „ახალი ამბავი“.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მედია ცრუ ინფორმაციას განზრახ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.