ალექსანდრე ჯეჯელავა - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის კომპონენტი - ვიდეოგაკვეთილი ნებაყოფლობითი გახდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ერთ-ერთი კომპონენტი - ვიდეოგაკვეთილი ნებაყოფლობითი გახდება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჯეჯელავამ თქვა, აღნიშნული სქემის ერთ-ერთი კომპონენტი - ვიდეოგაკვეთილი მასწავლებლებმა რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს.

“საქმე ეხება მასწავლებლების განვითარების სქემას, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ინერგება. ეს არის ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებული, კრედიტებზე აგებული სქემა. პირველი ეტაპი საპილოტო მოსინჯვა ამ სქემის დასრულდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მასწავლებლები ძირითადად ძალიან მხარს უჭერენ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირველად არის ჩვენს ისტორიაში, რომ ისეთი სქემა შევქმენით, რომელსაც ძირითადად მხარს უჭერენ. მეორე მხრივ, გამოვლინდა ხარვეზები და ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილი. ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რთულად და არაშესაფარისად ჩათვალეს მასწავლებლებმა. მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, სქემას ვავითარებთ და ეს ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლის პროფესიულ კავშირთან, ჩვენს სამსახურებთან. გავაჩენთ ალტერნატივას, ანუ არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი. ამის შედეგად ჩვენ მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული, რომ შემდეგ საფეხურებზე გადავიდეს პროფესიული მომზადების და გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენს მოსაწავლეებს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, თავად სქემა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. „კონკრეტულად ის ცვლილებები, რაც ახლა შედის, ძალიან პოზიტიური იქნება ამ სისტემის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის“, - განაცხადა ჯეჯელავამ.