თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო

თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, თამარ ბაგრატია დღეს ალ. ყაზბეგის გამზირზე ავტომატური სადგურის დამონტაჟების პროცესს დაესწრო.

ავტომატური სადგურის საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი ონ-ლაინ მონიტორინგი განხორციელდა. ჰაერში განისაზღვრება ნახშიროჟანგის (CO), აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2), გოგირდის ორჟანგის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის ფრაქციების შეცმველობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, თამარ ბაგრატიას თქმით, იაპონიის მთავრობამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს უპრეცედენტო დახმარება გაუწია.

”იაპონიის მთავრობამ უპრეცედენტო დახმარება გაუწია გარემოს ეროვნულ სააგენტოს და სამი სრულიად მოდერნიზებული ავტომატური ჰაერის გამზომი სადგური გვაჩუქა. ეს არის დაახლოებით 1 200 000 ამერიკული დოლარის ღირებულების მოწყობილობები. ჩვენ ამ სადგურების საშუალებით მოვახერხებთ იმას, რომ თბილისში გვექნება საკმაოდ გამართული, მოდერნიზებული ჰაერის მონიტორინგის სისტემა”, - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

მისივე ინფორმაციით, სადგურები 24 საათის განმავლობაში გაზომავს კომპლექსურად ძალიან ბევრ დამაბინძურებელს და ინფორმაციას მიაწვდის გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

იაპონელი გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ინჟინერის, ტაკეში ნიშიმოტოს თქმით, სადგურები თბილისის მასშტაბით სამ სხადასხვა წერტილზე დაიდგმება და ეს მონაცემები ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

“ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გაზომავს სხვადასხვა პარამეტრებს, კერძოდ მტვრის მყარ ნაწილაკებს, აზოტის ოექსიდებს, გოგირდის დიოქსიდს, ოზონს და ნახშირბადის მონოოქსიდს. თბილისის მასშტაბით სამ სხადასხვა წერტილზე დაიდგმება და ეს მონაცემები ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება გარემოს ეროვნულ სააგენტოს. იქ ყენდება შესაბამისი აღჭურვილობა და მიიღებენ მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში, - განაცხადა ტაკეში ნიშიმოტო.

ჰაერის სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგის გამზირზე და წერეთელზე განთავსდება. აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.