გაყიდვებით Mercedes-მა BMW-ს 20 ათასით გადაასწრო

პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, გერმანულმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა გაყიდვებში 20 ათასიანი სხვაობით აჯობა ბავარიელ კონკურენტ BMW-ს.

ორივე ავტომწარმოებელმა გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, თუმცა უფრო დიდი ზრდა „სამქიმიანებს“ აქვთ.

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, Mercedes-Benz-ის გაყიდვებმა 12%-იანი ზრდა აჩვენა და 1 006 619 ავტომობილი შეადგინა მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში BMW-ს გაყიდვები მხოლოდ 5,8%-ით გაიზარდა და 986,557 შეადგინა. მესამეზე კიდევ ერთი გერმანული პრემიუმ ბრენდი Audi-ია, რომლის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,9 %-ით არის გაზრდილი, თუმცა ის საერთო მაჩვენებლით მესამე ადგილზეა 953 ათასი რეალიზებული ავტომობილით.

კონცერნ Daimler AG-ს შვილობილი ბრენდის Mercedes-Benz-ის მიერ უშუალო კონკურენტის BMW-ს 20 062 ერთეულით ჩამოტოვება 2005 წლის შემდეგ არ მომხდარა, სწორედ ამ წელს დაკარგა პირველად არსებობის მანძილზე Mercedes-მა პირველობა BMW-ს სასრგებლოდ და ბოლო 10 წელია უშედეგოდ ცდილობდა მის დაბრუნებას. 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მას გაყიდვების რაოდენობით Audi-ც უსწრებდა. ანალიტოკოსების პროგნოზით, Mercedes-Benz პირველობას არათუ მიმდინარე წელს, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს.

კოკა კვირკველია