კომპანია ”თბილისის მირკოავტობუსი” ერთ-ერთ მძღოლს საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

კომპანია ”თბილისის მირკოავტობუსი” 32 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლს საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მძღოლმა ალკოტესტის გავლაზე უარი თქვა. ”თბილისის მიკროავტობუსს” ფაქტის შესახებ მოკვლევა აქვს დაწყებული.

”დღეს დილით კომპანიის დიღმის ავტოპარკში ადგილი ჰქონდა 32 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობის ფაქტს, მას შემდეგ რაც მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა მოსთხოვა ალკოტესტის გავლა. კერძოდ, დილით სამსახურში მისულ მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა, რომლის ვალდებულებებშიც შედის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა, მძღოლს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა, მძღოლმა მოთხოვნის შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც ორ მხარეს შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია, მძღოლმა ჩააყენა მიკროავტობუსი ავტოპარკის გასასვლელში, არ მისცა სხვა მძღოლებს ხაზზე სამუშაოდ გასვლის საშუალება და მომხდარის ე.წ. გაფიცვად ინსპირირებას შეეცადა. ამ დროისთვის ფაქტზე კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, ამოღებულია და იშიფრება ვიდეოჩანაწერები, მოკვლევის დასრულეის შემდეგ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ გატარებული იქნება კომპანიის შიდა წესდებით გათვალისწინებული სანქციები”, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მძღოლებმა განუცხადეს, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელები მათ მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლიან.

”დღეს დილით, დაცვის თანამშრომელმა მძღოლს ხელი გაარტყა. დაცვის თანამშრომელი მძღოლს ალკოჰოლზე ამოწმებდა, თუმცა ეს შემოწმება რამდენჯერმე გაგრძელდა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა - დაცვამ ხელი დაარტყა. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი დამოკიდებულება ხვალ და ზეგაც არ გაგრძელდება. მოვითხოვთ დამოკიდებულების შეცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვა გაგრძელდება”, - აცხადებენ მძღოლები.

ისინი სხვა მოთხოვნებს და პრეტენზიებსაც აყენებენ, მათ შორის დღიური გეგმის შემცირებას და სამარშრუტო ტაქსების გაუმართაობას.