გიორგი კვირიკაშვილი - ამ დროისთვის თურქეთის მიმართულებით საჰაერო საზღვარი დაკეტილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია, ხოლო საჰაერო საზღვარი დაკეტილი.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

„უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა საქართველოსთვის მომდინარეობდეს ამ სიტუაციიდან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ შეექმნას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საზღვრებზე არსებულ სიტუაციაზე და გავაანალიზეთ სუს-ისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დილამდე დავაკვირდებით მოვლენებს, ამ დროისთვის კი, ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ თურქეთის მიმართულებით, საჰაერო საზღვარი კი ამ დროისთვის ჩაკეტილია - ფრენები არ ხორციელდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, დღეს დილითვე, სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება „საზღვრებთან დაკავშირებით ცვლილებას მოახდენს“.

„ჯერჯერობით ეს სიტუაცია შენარჩუნებულია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.