ირაკლი ასაშვილი - ათა თურქის აეროპორტიდან ქართველების გამოსამგზავრებლად მუშაობა მიმდინარეობს

სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის ინფორმაციით, საკონსულოს ორი თანამშრომელი სტამბოლის ათა თურქის აეროპორტში იმყოფება და ქართველების გამოსამგზავრებლად საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული.

მისივე თქმით,  მის ხელთ არასებული ინფორმაციით, თურქეთში გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ქართველების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს.

როგორც გენერალურმა კონსულმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, სტამბოლში ქართველების რამდენიმე ჯგუფი, დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი ელოდება გამომგზავრებას საქართველოში.

”გენერალური საკონსულოს ორი თანამშრომელი სტამბოლის ათა თურქის აეროპორტში იმყოფება და საორგანიზაციო საკითხებითაა დაკავებული იმისათვის, რომ მოახდინონ ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება საქართველოში და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში დაეხმარონ მათ. ერთი ნაწილი 60 კაცამდეა და ასევე არის სხვა ნაწილიც. დაახლოებით 100 კაცზე მეტი იქნება, თუმცა კონკრეტული ციფრის დასახელება ძალიან გამიჭირდება. ზუსტად ვიცი, რომ კომპაქტურად არიან 60 კაცამდე, მაგრამ არის სხვა ჯგუფებიც”, - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.