ეკონომიკის სამინისტროში შშმ პირებისთვის ბორჯომში დღის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, შშმ პირებისთვის ბორჯომში დღის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს და მათ ოჯახებს სოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებასთან მათი ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება.

”სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარდაჭერას უცხადებენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF, რომელიც ჩართული იქნება ფართის სარეკონსტრუქციო და აღჭურვით სამუშაოებში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის - MAC დღის ცენტრს დაეხმარება კადრების გადამზადებაში, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს სარემონტო სამუშაოების ნაწილს.

ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ორგანიზაციის საქმიანობა უკავშირდება საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახების გაძლიერებას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში. ისინი არაერთი წელია მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ 20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა ბორჯომში, აღმაშენებელის ქუჩაზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართი.