"დასაქმების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დასაქმების კუთხით პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გახსნა. კონფერენციის თემაა ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის”. მინისტრმა კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ ეტაპზე, როდესაც დასაქმების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს; გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ”საქართველო - 2020”. საყურადღებოა, რომ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნა სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევა, დასაქმების ზრდა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი (კვალიფიციური, პროფესიონალი) კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების განვითარება, პროფესიული უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დაძლევა და მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის მყარი საფუძვლების შექმნა ჩვენი მთავრობის მთავარ გამოწვევას და უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შრომის ბაზრის მოთხოვნა, ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, დინამიურობით და ცვალებადობით ხასიათდება. შესაბამისად, საჭიროა შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების სისტემის არსებობა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ პრემიერის მიერ ინცირებულ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ განათლების რეფორმაა, ისეთ რეფორმებთან ერთად, როგორიცაა - ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი რეფორმები და მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმა.

მისივე განცხადებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი ინკლუზიური განვითარების წინაპირობაა.

,,საკითხებს, რომელთა განხილვა დღეს ამ კონფერენციის ფარგლებშია დაგეგმილი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რამდენადაც ეს საკითხები ეხება საჯარო-კერძო პარტნიორობას, პროფესიული განათლების სისტემაში სტუდენტების ჩართულობის გაზრდას, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელებს, დასაქმებულთა უნარ-ჩვევების განვითარებას, პროფესიული უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დაძლევას ახალი გამოწვევების შესაბამისად“, - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი, ყოველწლიური, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე - ,,პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“. ღონისძიება დიმიტრი ქუმსიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნეს.