თბილისში შესაძლოა ”ტურისტული პატრული” გამოჩნდეს

რესტორატორთა ასოციაცია თბილისში ”ტურისტული პატრულის” დაარსების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთი კვიჭიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ინიციატივის წამოყენება ასოციაციამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტურისტისთვის ფულის გამოძალვის ფაქტი დაფიქსირდა. ინიციატივის მიხედვით, ”ტურისტული პატრული” ტურისტული ადგილების უსაფრთხოებაზე იზრუნებს და საჭიროების შემთხვევაში, დამთვალიერებელს ღირსშესანიშნაობების მდებარეობასაც მიასწავლის.

”ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარვუდგინეთ. შსს-ს იდეა ძალიან მოეწონა. ჩვენ ”ტურისტული პატრული” წარმოგვიდგენია განსხვავებულად ჩაცმული, ახალგაზრდა, ინგლისურის მცოდნე ადამიანად. ისეთი ფრომით, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, ”ტურისტული პატრული” არის ბარსელონაში, მადრიდში, ტაილანდში, პორტუგალიაში, ჩინეთმა გააკეთა ახლა იტალიასთან ერთად, უკრაინა იწყებს საპილოტე პროგრამას. ჩვენთან ეს ყველაფერი ჯერ იდეის დონეზეა, მაგრამ შსს-მ ქვეითი პატრული ტურისტულ ადგილებში უკვე გაუშვა და ეს კარგია”, - ამბობს ქეთი კვიჭიძე.

რესტორატორთა ასოციაცია 2016 წლის თებერვალში შეიქმნა და მისი მიზანი რესტორატორთა გაერთიანება, მეტი კომუნიკაცია სახელმწიფოსა და სარესტორნე ბიზნესს შორის, საერთო პრობლემის ერთიანი გზით გადაჭრა და სერვისის გაუმჯობესებაა.

თამარ კორკოტაშვილი