"ცენტრ პოინტის" საქმის სასამართლო განხილვა განახლდა

მოხარული ვიქნები, თუკი შესაძლებელია, პატიმრობაში ვიყო მე, სამშენებლო სექტორს და მაია რჩეულიშვილს კი მიეცეს საშუალება გააკეთოს მოსახლეობის სასარგებლო საქმე , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა განუცხადა.

როგორც რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, ის და მისი და სამი წელიწადია გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმ ფონზე, რომ სახელმწიფოსთან ერთად სამშენებლო კომპანია დგამდა ნაბიჯებს, რათა მოსახლეობის მიმართ აღებული ვალდებულება შეესრულებინა, მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება სრულიად გაუგებარია.

მისივე თქმით, თუ სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი უწყებები არ გაითვალისწინებენ მის თხოვნას, გამოუშვან მაია რჩეულიშვილი, ხოლო სანაცვლოდ თვითონ დააკავონ, მაშინ გამოვა, რომ „ადამიანები და „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობა სახელმწიფომ ჩარეცხა“.

„სამი წელიწადია სასამართლოში დავდივარ ჩემს დასთან ერთად. სამი წელია თანამშრომლობის რეჟიმში ვიმყოფებით. როდესაც მაია ცდილობდა, რომ ადამიანებისთვის მიეცა ის, რისი ვალდებულებაც ერთი წამით თავიდან არ აგვიცილებია, სახელმწიფომ „საგადასახადო კოდექსში“ მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც, 2008 წლის ომის დროს დაზარალებული მშენებლობები დამატებითი ღირებულების გადასახადიდან უნდა გათავისუფლდნენ ანუ სახელმწიფომ ის ზარალი აღიარა, რომელიც სამშენებლო სექტორს მიადგა. პარალელურად აპატიმრებენ მაიას. მე არ ვარ სასარგებლო, რათა დაზარალებულებს შევუმსუბუქო მდგომარეობა. მოხარული ვიქნები, თუკი შესაძლებელია, რომ პატიმრობაში ვიყო მე, სამშენებლო სექტორს და არა მხოლოდ მაია რჩეულიშვილს კი მიეცეს საშუალება გააკეთონ ის საქმე, რა ვალდებულებაც აქვს მოქალაქეების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ჩვენ და ადამიანები ჩაგვრეცხეს“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

”ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია არიან, სასამართლოში დღეს განახლდა. წინა პროცესი რუსუდან კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. როგორც ადვოკატმა განმარტა, კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი მისი დის, მაია რჩეულიშვილისა და გურამ რჩეულიშვილის დაკავება გახდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც თავის მხრივ გამოძიების ინფორმაციით, ”ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელი პირების დანაშაულებრივი სამიანობის შედეგად დაზარალდნენ.

აღნიშნულ ეპიზოდზე „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა მაია რჩეულიშვილს ”ბათუმის მაგნოლიას” საქმეზე სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა და ის ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. თაღლითობისა და თანხების მითვისების ეპიზოდებზე გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა“ თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.