"EBRD-ის მიერ ივლისამდე გაწეული დაფინანსება სამჯერ აღემატება მთლიანად 2015 წელს დაფინანსებულ პროექტებს"

”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” მიერ წელს ივლისამდე გაწეული დაფინანსება სამჯერ აღემატება მთლიანად 2015 წელს დაფინანსებულ პროექტებს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს მონაცემები EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ გააჟღერა.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა EBRD-სა და “ლოიალ კაპიტალ ჯგუფში” შემავალ საწარმო „რუსთავის აზოტს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც „რუსთავის აზოტს“ 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოეყოფა.

"რუსთავის აზოტის" ქარხანა ბევრი წლის წინ არის აშენებული. ახლა ქარხნის სრული მოდერნიზაცია ხდება, აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა. ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა” ამისთვის 155 მილიონი დოლარის პაკეტი შეკრა. ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ტრანზაქცია კერძო სექტორში. თვითონ ევრობანკის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, უკვე წელს ივლისამდე დაფინანსებული თანხები სამჯერ აღემატება მთლიანად 2015 წელს ევრობანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ეს განვითარების და საერთაშორისო საფინანსო სექტორის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. გაზრდის ექსპორტის პოტენციალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტისთვის.