20 წლის შემდეგ „რაჭა, ჩემო სიყვარულო" შესაძლოა, ბრიტანულ-სლოვაკური ფონდის დაფინანსებით გადაიღონ

“საპარტნიორო ფონდის” პარტნიორმა კომპანიამ, შესაძლოა, ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულოს“ ახლებური ვერსია დააფინანსოს.

როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, მხატვრული ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულოს“ ახლებური ვერსია შესაძლოა, 20 წლის შემდეგ ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდის InfraPartners Management-ის დაფინანსებით გადაიღონ.

„InfraPartners Management-მა გასულ კვირას “საპარტნიორო ფონდთან” ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი საქართველოში ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, InfraPartners Management-ი “საპარტნიორო ფონდთან” და კერძო ინვესტორთან ერთად მწვანე ქალაქის პროექტის დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს“, - განაცხადეს ფონდში.

მათივე თქმით, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე InfraPartners Management-მა ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულოს“ ახლებური ვერსიის გადაღების დაფინანსების სურვილი გამოთქვა. ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, პროექტს ჰოლივუდის სცენარისტებს დაუკვეთავს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სლოვაკური კომპანიის ინიციატივას მიესალმება და თუკი InfraPartners Management-ის იდეა კომერციული პროექტის სახეს მიიღებს და ქვეყნისთვის მომგებიანი პროდუქტი გახდება, არ გამორიცხავს, ფონდი პროექტის დაფინანსებაში ჩაერთოს.