აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დღეიდან 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის.

როგორც  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ.

მათივე ინფორმაციით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა ბათუმის მიმართულებით არსებულმა უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებმა განაპირობა. მხოლოდ ივლისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით კვირაში 81 ფრენა (თვეში 300-ზე მეტი) 22 მიმართულებით ხორციელდება. შესაბამისად, გაიზარდა რეგიონში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იანვარი-ივნისი) 74 %-იან მატებას გულისხმობს.

ვიზიტორებისთვის რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ”ბათუმი ცენტრალის” შენობაში შეემატება. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,35 %-იან ზრდას ითვალისწინებს. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.