მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში გარკვეული ცვლილებები შევიდა

მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში გარკვეული ცვლილებები შევიდა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს დადგენილების პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

„ეს არის ყველასთვის ცნობილი აღიარების წესი, რომელშიც გარკვეული ცვლილებები შევიდა. რამდენიმე კანონში შევიდა ცვლილება და ამან შესაბამისად, აღნიშნული დადგენილების მოწესრიგება გამოიწვია. აქამდე მას არეგულირებდა პრეზიდენტის ბრძანებულება და შესაბამისად, ახლა უკვე მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება. გამარტივდა გარკვეული მიმართულებები, გაფართოვდა საბუთების ჩამონათვალი, რომელიც მიხედვითაც, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ უკვე აღიარების კომისიას. თვითონ კომისიის ადგილი შეიცვალა - ისინი აქამდე იყვნენ საკრებულოებში, ახლა გადავლენ გამგეობებსა და მერიებში, თუმცა, რა თქმა უნდა, საკრებულოს წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. გარკვეულ ადგილებში დაემატა კიდევ სახელმწიფოს ზედამხედველობა და მონაწილეობა. ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მისცეს მეტი კერძო საკუთრება და მეტი კერძო საკუთრების უფლება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

უფრო კონკრეტულად კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალში დაზუსტდა დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი ცნობა-დახასიათების შინაარსი, კერძოდ, წარმოდგენილ უნდა იქნეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა დახასიათება; აქვე, სისტემური რეგისტრაციების შესახებ ახალი კანონიდან გამომდინარე, ერთ-ერთ დოკუმენტად დამატებულ იქნა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

ამასთან, ახლებურად განისაზღვრა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ფორმირების წესი, კერძოდ, კომისია შედგება მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები/მოხელეებისგან (აქამდე კომისია შედგებოდა საკრებულოს არაუმეტეს 3 წევრის, მერიის/გამგეობის და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან, ხოლო თბილისში დამატებით მერიის სსიპ-ებისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებისგან).