საწარმოებში პროფესიული განათლების მასწავლებელთა პრაქტიკული ტრენინგები დაიწყო

პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონში მდებარე საწარმოში - „საქკაბელი“ ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების პროგრამის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.

როგორც  მასწავლებელთა სახლში განაცხადეს, ტრენინგს, სხვადასხვა სასწავლებლებიდან, პროფესიული განათლების 7 პედაგოგი დაესწრო. აღნიშნული პედაგოგები სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში, მთლიანობაში, 100-მდე მომავალ სპეციალისტს ასწავლიან.

მასწავლებელთა სახლის ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები კიდევ ერთხელ გაეცნენ ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების მექანიკოსის პროფესიულ სტანდარტს, შეისწავლეს საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები და პრინციპები, ასევე, საწარმოში არსებული დანადგარების პროგრამული მართვის წესები. ტრენინგ-მოდულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო დანადგარებთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვის სტანდარტი.

”პრაქტიკული ტრენინგების ჩატარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწარმო აღჭურვილი იყოს და საქმიანობის პროცესში იყენებდეს უახლეს ტექნოლოგიებს. „საქკაბელი“ სრულებით აკმაყოფილებს აღნიშნულ საჭიროებებს, გარდა ამისა, დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრებით.

რაც შეეხება ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსის პროფესიას, ამ მიმართულების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ისეთ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობის პროცესში გამოიყენება სპეციალური დანადგარები, მათ შორის, წყალმომარაგების სისტემები, ამწე-სატრანპორტო მანქანები, ექსკალატორები, სავენტილაციო სისტემები და სხვა.

ამჟამად, პროფესიის დაუფლება შესაძლებელია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კოლეჯებში - „იბერია“ და „მოდუსი“, - აცხადებენ მასწავლებელთა სახლში.