"ჩვენ მზად ვართ, "შევეჩვიოთ" დოლარის გარეშე ცხოვრებას, მაგრამ ჯერ უნდა შეიქმნას ფინანსური მოტივაცია"

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებებს ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ლევან კალანდაძის პოსტს.

"გამოხმაურება კობა გვენეტაძის მოსაზრებაზე, რომ „მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს“...

მოსახლეობის დამოკიდებულება ეროვნული ვალუტისადმი და ლარის პრიორიტეტად აღიარება სულაც არ არის თავად მოსახლეობის სურვილსა და პატრიოტულ ემოციებზე დამოკიდებული. თითოეულ ჩვენგანს შესაძლებელია ძალიანაც გვსურდეს კიდეც ეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მოსახლეობის დიდ ნაწილს ფინანსური ვალდებულებები, მათ შორის საბანკო სესხები, სწორედ უცხოურ ვალუტაში აქვს ნომინირებული და საკურსო „მერყეობები“ მნიშვნელოვან დისკომფორტსა და ფინანსურ პრობლემებს გვიქმნის, ძალიან ძნელია თავი აარიდო დოლარის „ნებაყოფლობითი ტყვეობის“ არც თუ სასურველ ჩაკეტილ წრეს.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ რა თქმა უნდა გსურს „შევეჩვიოთ“ ლარში დაგროვებას, რა თქმა უნდა გსურს „შევეჩვიოთ“ ფასების ლარში დაფიქსირებას, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გვირჩევნია „შევეჩვიოთ“ ლარში ვალდებულებების აღებას, მაგრამ...

იმისთვის, რომ მოსახლეობა, როგორც თქვენ აღნიშნავთ, „თავადაც შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას“, საჭიროა ადამიანებმა რეალურად იგრძნონ თქვენს მიერ გატარებული პრუდენციული პოლიტიკის ეფექტი, რაც ერთი მხრივ, ლარის საკურსო სტაბილურობაში და მეორე მხრივ, ლარში ოპერაციების უფრო მეტ რაციონალურობაში, უფრო მეტ მიმზიდველობაში, ზოგადად ფინანსურ სტაბილურობაში უნდა გამოიხატოს. და არა მხოლოდ ინფლაციის დაბალ თარგეთირებულ მაჩვენებელში.

მესმის და ბუნებრივიცაა, რომ ამას დრო სჭირდება და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის პრობლება და მისი თანმდევი ნეგატიური შედეგები ერთბაშად, ხელის ერთი მოსმით ვერ დაიძლევა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია, ან დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ეფექტიანი იქნება სებ-ისა და მთავრობის მიერ გატარებული დედოლარიზაციის პოლიტიკა, როგორი იქნება შესაბამისი გარემო და პირობები, მომავალში რამდენად მომგებიანი იქნება ტრანზაქციები ან სეივინგი ლარში და არა იმაზე, რას უნდა „შეეჩვიოს“, ან რა შეიძლება სურდეს მოსახლეობა...

P.S. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ „შევეჩვიოთ“... უბრალოდ, ჯერ უნდა შეიქმნას საამისოდ შესაბამისი საფუძველი და ფინანსური მოტივაცია", - წერს ლევან კალანდაძე