"ჯერ ლარმა უნდა აღიდგინოს რეპუტაცია და მოსახლეობა თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს"

დოლარიზაციის მაღალი დონე ლარის უნდობლობით არის გამოწვეული.

ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ჯერ ლარმა უნდა აღიდგინოს რეპუტაცია და მოსახლეობა თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს.

„ჩემი აზრით, წინასწარ დაპირება, რომ ქვეყანაში დედოლარიზაცია დაიწყება, არასწორია. ინტერვიუში აღნიშნულია, რომ ჩვენი მოსახლეობა დოლარის გარეშე ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ, მომხმარებლებს გვადანაშაულებენ იმის გამო, რომ დოლარს მოვიხმართ. ლარზე მოთხოვნა დაბალი იმიტომაა, რომ მისი მიმოქცევის არეალი მცირე მასშტაბისაა, თანაც, დოლარი ხალხში მეტი სანდოობით სარგებლობს და ამის გამო მოსახლეობას ვერ გავამტყუნებთ, პირიქით, ეს საკმაოდ ნორმალური რეაქციაა არსებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე. როდესაც ადამიანი იგრძნობს, რომ ლარის მიმოქცევის ბაზარი გაიზარდა და ეს სტაბილური ვალუტაა, რატომაც არა - ლარზე თავისთავად გადავა. ამაში არც ეროვნული ბანკის ჩარევა იქნება საჭირო და არც მთავრობისა: მომხმარებლები თვითონ გადაწყვეტენ რომელი ვალუტა აირჩიონ და არჩევანს ლარის სასარგებლოდ გააკეთებენ“, - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

მისი შეფასებით, ეკონომიკა თავად კარნახობს მოსახლეობას ამგვარ არჩევანს.

„ჯერ ლარმა უნდა აღიდგინოს რეპუტაცია და მოსახლეობა თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს. ბატონი კობა ამბობს, რომ დიდი ტრანზაქციების დროს ფასი ლარში უნდა დასახელდეს, დავუშვათ მე, რიგით მოქალაქეს, ავტომობილის, ან უძრავი ქონების გაყიდვა, ან შეძენა მინდა და მისი ფასი ლარში დავასახელე, 2-3 დღის შემდეგ შეიძლება ეროვნული ვალუტის კურსი შეიცვალოს და მატერიალური ზარალი მივიღო. რატომ ვაყენებთ თუნდაც ბიზნესს ასეთი დილემის წინაშე? ამ დროს ბიზნესი ხომ უფრო დიდ ზარალს განიცდის? დოლარიზაციის მაღალი დონე ლარის არასტაბილურობით და მომხმარებლის მისდამი დამოკიდებულებით არის განპირობებული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ხარისხი საკმაოდ დაბალია და მოსახლეობაც იმ ვალუტას ამჯობინებს, რომელიც უფრო მყარი და საიმედოა“ - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას. „მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა, თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე