ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის სოფლების ტანძიასა და აკაურთას მოსახლეობა დააზარალა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის სოფლების ტანძიასა და აკაურთას მოსახლეობა დააზარალა. ძლიერმა ქარმა ტანძიასა და აკაურთაში საცხოვრებელი სახლების უდიდეს ნაწილს სახურავები გადახადა, დაზიანებულია შიდა გზები, ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. სეტყვამ ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაანადგურა.

ადგილობრივ მოსახლეობას დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი შეხვდა, ტანძიასა და აკაურთაში შექმნილ მდგომარეობას გამგებელი ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას დაპირდა. გამგებლის განცხადებით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც სტიქიიის შედეგად მიყენებულ ზიანს დაითვლის, რის შემდეგაც ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა სახურავებისა და გზების შესაკეთებლად.

სოფელ ტანძიასა და აკაურთაში ამ დროისათვის სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.