ბოლო კვირაში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე დასახელების სიგარეტი გაძვირდა.

მათ შორის არის MM, Pall Mall, Bond, რომლებიც საშუალოდ 10 თეთრით გაძვირდა. თამბაქოს მაღაზიებსა და ჯიხურებში გაძვირების მიზეზებს ვერ ასახლებენ, თუმცა ამბობენ, რომ ზოგიერთ მათგანს ძველი მარაგი ჰქონდა შემონახული და პროდუქცია ერთბაშად არ გააძვირა. ამ ბაზარზე ფასების ცვალებადობა უკვე არავის უკვირს. ეტაპობრივად ყველა დასახელების სიგარეტის ფასი მატულობს, მით უმეტეს, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, შესაბამისად, თითქმის ყველა სახის სიგარეტი გაძვირდა.

თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივი ზრდა თამბაქოს კონტროლის შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელსაც საქართველომ ხელი 2004 წელს მოაწერა. თუმცა სიგარეტის გაძვირებას მწეველები ყოველთვის აპროტესტებენ. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად იმოქმედა ამ ნაწარმის რეალიზაციაზე გაძვირებამ და მცირე მოკვლევა ჩაატარა. როგორც თბილისში არსებულ მაღაზიებსა და თამბაქოს სარეალიზაციო პუნქტებში აცხადებენ, დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ, მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა რეგიონებში: იქ ძვირადღირებული სიგარეტი ადრეც არ იყიდებოდა, ახლა კი მისმა რეალიზაციამ აშკარად იკლო. „ხალხი უფრო დაბალფასიან სიგარეტებზე გადავიდა. ჩვენი მონაცემებით, იაფფასიანი სიგარეტების რეალიზაციამ მოიმატა, ხოლო ძვირის - აშკარად შემცირებულია“, - აცხადებს კომპანია „ელიზი ჯგუფის“ იმერეთის რეგიონის მენეჯერი ლევან აბულაძე.

ეს ინფორმაცია დაადასტურეს „ელიზი ჯგუფის“ წარმომადგენლებმა სხვა რეგიონებშიც.

ემზარ გოგიძე, „ელიზი ჯგუფის“ წარმომადგენელი შიდა ქართლში: "სიგარეტის რეალიზაცია ჩვენთან არ შემცირებულა, უბრალოდ გადანაწილდა - ხალხი უფრო იაფფასიან სიგარეტებზე გადავიდა. კარგა ხანია ამ საქმეში ვარ და ვიცი, როდესაც რომელიმე სიგარეტის ფასი მატულობს, ის უფრო ნაკლებად იყიდება. ისიც ნიშანდობლივია, რომ ბალანსი არ ირღვევა: ვიღაცამ შეიძლება მოწევას თავი დაანებოს, მაგრამ ვიღაც იწყებს".

ფირმა „ომეგა 2-ის“ წარმომადგენელი საგარეჯოს რაიონში გიორგი გოგინაშვილი კი აცხადებს, რომ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციამ საერთო ჯამში იკლო.

"თამბაქოს საბითუმო მაღაზიაც მაქვს და დისტრიბუციასაც ვეწევი. შემიძლია გითხრათ, რომ სიგარეტის რეალიზაცია ძალიან შემცირებულია. ჩვენს რეგიონშიც უფრო მეტად იაფფასიან სიგარეტს ეტანებიან. ხალხი ხარისხს იმდენად აღარ უყურებს, რამდენადაც ფასს. „ომეგას“ სიგარეტები ისედაც არ ღირს ძვირი, მაგრამ მაინც იაფფასიანს ეძებენ", - ამბობს გიორგი გოგინაშვილი.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე კი მიიჩნევს, რომ ფასს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ხარისხიანი თამბაქო ბუნებაში არ არსებობს.

"ვფიქრობ, ეს სუბიექტური შეფასებებია, რადგან 20-30 თეთრით გაძვირება არ იწვევს ერთი სახეობის სიგარეტიდან მეორეზე გადასვლას. თანაც, ყველანაირი თამბაქო - იაფი იქნება ის თუ ძვირი - საბოლოო ჯამში, მაინც შხამია. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში შემოსული თამბაქოს ნაწარმი აბსოლუტური ნაგავია და სამწუხაროა, რომ ღარიბი მოსახლეობის შემოსავლის ნახევარი ამ ნაგვის შეძენაზე იხარჯება. მესმის, რომ თამბაქო ნარკოტიკული ბუნების პროდუქტია და ძნელია მისთვის თავის დანებება, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ბავშვებმა, ახალგაზრდებმა თავიდანვე არ დაიწყონ მოწევა.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ამ სფეროში არასწორი და გაუმართლებელია.

"ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუშალოს, სახელმწიფო ხელს უწყობს ამ ბიზნესს და მის სპონსორადაც გვევლინება. მაგალითად, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა თამბაქოს ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად. როგორც ჩანს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ამ პროდუქტის მავნებლობას. სამწუხაროდ, თამბაქოს მოხმარება ჩვენში კვლავაც პოპულარულია, ცნობილი ადამიანები ტელეეკრანებზე სიგარეტით ხელში გვევლინებიან, ათასგვარი, ფარული თუ აშკარა რეკლამა გადის, რომელიც თამბაქოს მოხმარებას ახალისებს. მე ვიტყოდი, რომ ეს არასახელმწიფოებრივი და არაადამიანური მიდგომაა. სწორედ ამ მიდგომის დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში 13-14 წლის მოზარდები ეწევიან. ამიტომ, აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი, რომლითაც თამბაქოს მოხმარება აიკრძალება დახურული ტიპის დაწესებულებებში. რა საჭიროა ან ეკონომიკური საბჭო, ან ბიზნესომბუდსმენი, თუ ამ ყველაფერს არ მიხედავს და მოსახლეობას ვერ დაიცავს? თამბაქოს ინდუსტრიის დამცველები ფარად იყენებენ არგუმენტს, რომ ბიუჯეტში ამ სეგმენტიდან დიდძალი თანხა შედის, სინამდვილეში ეს ყველაზე უფრო წამგებიანი ბიზნესია, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ ცოტა, 200 მილიონი ლარი იხარჯება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე. ამას ემატება ტუბერკულოზის გართულებული ფორმები და სხვა დაავადებები, რომლის გამომწვევი სწორედ თამბაქოა. პირდაპირ ზარალს ემატება არაპირდაპირი ხარჯები, რაც მთლიანობაში მილიარდობით ლარს შეადგენს. კვლევებით დადგენილია, რომ თამბაქოს ნაწარმისაგან დღეში საშუალოდ 30-მდე ადამიანი იღუპება. ამიტომ ბიუჯეტში ამ ბიზნესს 1 ლარი რომ შეაქვს, 3 ლარი უკან მიაქვს", - აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.

მისი შეფასებით, სიგარეტის რამდენიმე თეთრით გაძვირება თამბაქოს ინდუსტრიას ვერაფერს დააკლებს, რადგან ის მაინც ზემოგებაზე მუშაობს.

"სიგარეტის თვითღირებულება, იმპორტირებულია ის თუ ადგილობრივი, დაახლოებით 20-30 თეთრია, დანარჩენი თანხა კომპანიების მოგებაა: ისინი 500 და 1000- პროცენტიან მოგებაზე მუშაობენ, ამიტომ აქციზის ფასი რომ გაიზარდა, ზოგიერთმა კომპანიამ სიგარეტი არ გააძვირა. ამით მათ ბევრი არაფერი წაუგიათ: თუ ადრე ათასპროცენტიანი მოგება ჰქონდათ, ახლა 900% გაუხდათ, რაც დიდი დანაკლისი სულაც არ არის. ჩვენს ხალხს კი, კიდევ ერთხელ შევახსენებ: მნიშვნელობა არა აქვს იაფფასიან სიგარეტს შეიძენთ, თუ ყველაზე ძვირფასს - ეს არის საწამლავი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ანადგურებს და ანგრევს“, - აცხადებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი

ხათუნა ჩიგოგიძე