რატომ გაძვირდა შაქარი

„მომავალში რა მოხდება, ჩვენც არ ვიცით“ - აცხადებენ დისტრიბუტორები

ივნისში მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. გამონაკლისს ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს. თუ რამდენიმე თვის წინ 1 კგ შაქარს 1,50 ლარად შეიძენდით, დღეს ზოგიერთ მაღაზიაში მისი ფასი 2,3-2,40 ლარია. სპეციალისტთა ნაწილი მსოფლიოში შაქრის გაძვირებას დოლარის კურსის გამყარებით ხსნის, ზოგიერთები კი, ამას ბრაზილიური ვალუტის ცვალებადობასაც უკავშირებენ, რადგან ბრაზილია შაქრის ძირითადი მწარმოებელია და ამ პროდუქტით მსოფლიოს არაერთ ქვეყანას ამარაგებს.

თბილისურ მაღაზიებში ამბობენ, რომ საქართველოში შაქრის ფასის ზრდა სეზონური ფაქტორითაც აიხსნება: „ზაფხულია და ძალიან ბევრი ოჯახი იჭერს ზამთრის თადარიგს, ამზადებენ კომპოტებს, ჯემებს, ამიტომ შაქრის რეალიზაციაც გაიზარდა და მისმა ფასმაც მოიმატა. ჩვენთან, მაგალითად, 800 გრამი დაფასოებული შაქრის ფასი 2,05 ლარია, ხოლო 1 კგ-ისა - 2,40 ლარი. ისიც უნდა ითქვას, რომ შაქრის ფასი ხშირად იცვლება. არ გამოვრიცხავთ, რომ ის მომავალშიც შეიცვალოს“, - გვითხრა ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა. იმპორტიორები შაქრის ფასის მატებას მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას უკავშირებენ, რასაც ლარის კურსის არასტაბილურობაც ემატება. დისტრიბუტორები კი აცხადებენ, რომ შაქრის გაძვირება მათაც არ სურთ, რადგან ძვირი პროდუქცია უფრო ნაკლები რაოდენობით იყიდება.

შპს „გალიონის“ დირექტორი ანჟელა წიგნაძე შაქრის გაძვირებას მსოფლიო ბირჟაზე შექმნილი სიტუაციით ხსნის.

"შაქრის ფასი მსოფლიო ბირჟაზე გაძვირდა, საქართველო კი, როგორც ყველა იმპორტიორი ქვეყანა, მსოფლიო ფასებზეა დამოკიდებული. როგორც ვიცი, აგარის ქარხანასაც ბრაზილიიდან შემოაქვს ნედლეული. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბირჟაზე ამ უმნიშვნელოვანესი პროდუქტის ფასი 340 დოლარიდან 560 დოლარამდე ავიდა, რაც ჩვენს ფასებზეც აისახა", - აღნიშნავს ანჟელა წიგნაძე.

შპს „ამბარის“ მენეჯერი ბონდო ფუხაევი ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთი ტომარა შაქრის ფასი თანდათან მატულობდა, რაც საცალო ფასზეც აისახა.

"ბოლო ერთ თვეში შაქარი ლამის ყოველ მეორე დღეს ძვირდებოდა 2-3 ლარით, შედეგად ის მივიღეთ, რომ 1 ტომარა აგარის შაქარი 87 ლარი ღირს, ხოლო შემოტანილი - 86 ლარი. ჩვენ ძირითადად ბრაზილიურ შაქარს ვიყენებთ, რომელიც მსოფლიო ბირჟაზე ძალიან გაძვირდა. სწორედ დოლარის გაძვირება და მსოფლიო ბაზარზე ფასების მატებაა საქართველოში შაქრის გაძვირების მთავარი მიზეზი", - აღნიშნავს "ამბარის" მენეჯერი.

სადისტრიბუციო კომპანია „კრისტალი-8“-ს დირექტორი გიორგი ნაფეტვარიძე კი აცხადებს, რომ არავინ იცის, შაქრის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს, თუ ახლანდელ ნიშნულზე გაჩერდება.

"უბრალოდ რომ შევადაროთ, ნათელი გახდება, თუ რატომ მოიმატა ასე შაქრის საცალო ფასმა: სულ რაღაც ორი კვირის წინ ერთი ტომარა შაქარი (50 კგ) 74-75 ლარი ღირდა, ახლა კი, 86-86,5 ლარი ღირს. რასაკვირველია, ამ პროცესზე სეზონურმა ფაქტორმა და ლარის კურსის მერყეობამაც იმოქმედა, მაგრამ მთავარი მაინც მსოფლიო ბირჟაზე არსებული სიტუაციაა. დისტრიბუტორებმაც არ ვიცით, მომავალში რა იქნება, მოიმატებს შაქრის ფასი, თუ დაიკლებს. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით დარეგულირდება", - განაცხადა გიორგი ნაფეტვარიძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე