ბრიტანეთში ახალგაზრდა თაობას წინა თაობაზე ნაკლები შემოსავალი აქვს

20-35 წლის ასაკის ბრიტანელები პირველი თაობა გახდება, რომელსაც წინა თაობაზე ნაკლები შემოსავალი ექნება.

ასეთია ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია, Resolution Foundation-ის კვლევის შედეგები.

კვლევის თანახმად, 35 წლამდე ბრიტანელებს, 20 წლის ასაკში შემოსავალი 8 000 გირვანქა სტერლინგით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე ამავე ასაკში ე.წ. „თაობა Х“-ის წარმომადგენლებს (1965-1979 წლებში დაბადებულ ადამიანებს).

კვლევის თანახმად, თუ დინამიკა შენარჩუნდა, მაშინ ახალგაზრდა ბრიტანელების შემოსავალი მთელი კარიერის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 825 000 გირვანქა სტერლინგს.

მეცნიერები ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ახალგაზრდა თაობის შემოსავლის შემცირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

Resolution Foundation-ის თანახმად, შემოსავლის შემცირება შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდა თაობა შრომის ბაზარზე რეცესიის დროს გავიდა. გარდა ამისა, 2007-2008 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ხელფასების მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა.

„ტრადიციულად მიგვაჩნია, რომ ყოველი მომდევნო თაობა წინა თაობაზე უკეთესად იცხოვრებს, გაიზრდება ხელფასები და ცხოვრების დონე. თუმცა, ბოლო წლების მოვლენების ფონზე და არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, ასეთი მიდგომა შესაძლოა, მეტისმეტად თავდაჯერებული გახდეს“, - აღნიშნავს Resolution Foundation-ის ხელმძღვანელი ტორსტენ ბელი.