„ბიბისი“ - მიუნხენის სავაჭრო ცენტრში თავდასხმაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ირანელია

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გუშინ მომხდარი თავდასხმის მოტივი უცნობია. ამის შესახებ „ბიბისის“ ცნობით, გერმანიის პოლიცია იტყობინება. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირია, რომელიც წარმოშობით ირანელია და მიუნხენში ცხოვრობდა. მან ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გახსნა. შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი. 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.

მომხდარის გამო მიუნხენში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. მოძრაობა სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში აღდგა.

თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ თავდასხმაში სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველთა ვარაუდით, მან თავი მოიკლა.

მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა განახადა, რომ ეჭვმიტანილი ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებებისთვის ცნობილი არ იყო. ჯერჯერობით არ იკვეთება მისი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.