შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას შვედეთის ელჩი, ”თეგეტა მოტორსი” და სტუდენტები შეუერთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - ”შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.

როგორც  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, კამპანიას ”თეგეტა მოტორსი” და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეუერთდნენ.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები კომპანია ”თეგეტა მოტორსის” სერვისცენტრებში განათავსეს. სტიკერები ცენტრში შემოსულ მძღოლებსაც დაურიგდათ. სტუდენტებმა მათ შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩართვისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქუიქიც შეუერთდა.

შსს-ს კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.