შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესი მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს დაესწრნენ.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, წინა წლებთან შედარებით, წელს თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. გაზრდილია როგორც ნათესი ფართობები, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობა.

შირაქის ველზე ხორბალი და ქერი 32 000 ჰა ფართობზე დაითესა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო მოსავლიანობამ კი დახლოებით 4 ტონა შეადგინა.

”მიმდინარე წელს, მხოლოდ კახეთის რეგიონში 300 000 ტონაზე მეტ ხორბლისა და ქერის მოსავალს ელოდებიან, რაც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში 200 000 ტონამდე მოსავალი უკვე აღებულია. მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით მობილიზებულია 72 ერთეული ტექნიკა, აქედან შპს ”მექანიზატორის” 52 ერთეული და აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 20 ერთეული კომბაინი. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კახეთის მხარის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ნათესი ფართობების, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდას.

,,ბოლო ათწლეულების შემდეგ რეგიონში უპრეცედენტო მოსავალი დაფიქსირდა. მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი ტექნიკა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენ ფერმერებს მოსავალი უდანაკარგოდ აიღონ და დააბინავონ“, - აღნიშნა კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ადგილობრივი ფერმერები აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი საკმაოდ დიდია. უამინდობის გამო გარკვეულწილად შეფერხდა მოსავლის აღების სამუშაოების დაწყება, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, დროულად მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში სამუშაოებში ჩართულია - 72 ერთეული ტექნიკა (შპს ”მექანიზატორი” - 52, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 20), ქვემო ქართლის რეგიონში - 19 ერთეული კომბაინი (შპს ”მექანიზატორი” - 9, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 10), შიდა ქართლის რეგიონში - 20 ერთეული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 5 ერთეული, სამცხე-ჯავახეთში - 1 ერთეული შპს ”მექანიზატორის” კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.