მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ხორციელდება

„მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ხორციელდება.

ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე, „მზიურის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან გივი კუბლაშვილთან ერთად დაათვალიერეს. ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები იდგმება.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის განცხადებით, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია „მზიურის“ მიმდებარედ მდინარის კალაპოტის მცირეოდენი გაგანიერება. მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გრუნტის დამბისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლების აგება, ასევე, მდინარის წყლისთვის 500მმ-იანი მილების მოწყობა.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ერკერი“ აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის 19 ივლისს დაიწყო და 19 ნოემბერს დასრულდება. ამ მიზნით ქალაქის ბიუჯეტიდან 1,558 მლნ ლარი დაიხარჯება.

„დავიწყეთ მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც ამ მონაკვეთში „მზიურის“ ტერიტორიის დაცვას ითვალისწინებს, რათა მომავალში მდინარის ადიდების შემთხვევაში „მზიურის“ ტერიტორია არ დაიტბოროს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშოების დასრულების შემდეგ „მზიურის“ ტერიტორიის გამწვანების პროექტის განხორციელება დაიწყება, რათა „მზიური“, როგორც რეკრეაციული ადგილი, შენარჩუნდეს.

ნარმანიას თქმით, „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ასევე გეგმავს, ვერეს აუზის სხვა ნაწილში მდინარის კალაპოტის ფორმირების სამუშოები განახორციელოს. კერძოდ, ცხაურები გაკეთდება, რათა მდინარის ნატანის შეკავება მოხდეს.