რა ღირს მშობიარობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

2015 წელს საქართველოში წინა წელთან შედარებით, 1 505 ბავშვით ნაკლები დაიბადა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში დაბადებული ბავშვების რაოდენობა 59 231 შეადგინა.

გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობა მილიონ 170 ათასი მოქალაქით შემცირდეს.

საქართველოში შობადობის რიცხვის შემცირებას ხშირად ფინანსურ პრობლემებს უკავშირებენ. გთავაზობთ მშობიარობის ფასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

აშშ

Marketwatch-ის ცნობით, აშშ-ში ფიზიოლოგიური მშობიარობის საშუალო ღირებულება 8 775 დოლარია, საკეისრო კვეთა კი 11 515 დოლარი ღირს. თუმცა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და კლინიკებში ფასები საგრძნობლად განსხვავდება. აშშ-ის მასშტაბით ყველაზე ძვირი ქალაქი მშობიარობისთვის საკრამენტოა (კალიფორნიის შტატი), სადაც ფიზიოლოგიური მშობიარობა 15 420 დოლარი ღირს, ხოლო საკეისრო - 27 076 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ფასების მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად ირჩევენ აშშ-ის თავიანთი მომავალი შვილის დაბადების ადგილად. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამერიკის კანონმდებლობით, ქვეყანაში დაბადებული ბავშვი ავტომატურად ხდება ამერიკის მოქალაქე.

ისრაელი

ისრაელში მშობიარობის ფასები 6-დან 30 ათას ევრომდე მერყეობს. ისრაელის კლინიკები განთქმულია მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, უსაფრთხოებით, კომფორტითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

გერმანია

გერმანიაში ბავშვთა სიკვდილიანობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. გერმანიის ქალაქებსა და კლინიკებში მშობიარობის ფასები განსხვავდება. საშუალო ფასი ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში 5 000-დან 9 800 ევრომდეა, საკეისრო ოპერაცია კი 8 000-დან 12 500 ევრომდე ღირს.

შვეიცარია

შვეიცარია მშობიარობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და პრესტიჟული ქვეყანაა ევროპაში. მშობიარობის ფასი დამოკიდებულია კლინიკაზე, თუმცა საშუალო ფასი 22 000 ევროდან იწყება. საკეისრო კვეთის შემთხვევაში მშობიარე კლინიკაში დაახლოებით 10 დღე რჩება. თუმცა, ადგილობრივი ექიმები როგორც წესი საკეისრო კვეთას მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს მიმართავენ.

კანადა

ბავშვთა სიკვდილიანობა და დაინვალიდება კანადაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყნის კლინიკებში მშობიარობის ყველზე რთული შემთხვევებიც კი ექიმთა წარმატებით სრულდება.

კანადაში მშობიარეს ფიზიოლოგიური მშობიარობიდან 24 საათში წერენ სახლში, საკეისრო ოპერაციის შემთხვევაში კი 3 დღეში. კანადაში მშობიარობა საკმაოდ ძვირი ღირს და დამოკიდებულია სამედიცინო დაწესებულებაზე. ფასები 13 000 კანადური დოლარიდან იწყება.

ფინეთი

ფინეთის სამშობიაროები მედიცინის მაღალი დონით, კომფორტული პირობებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ყურადღებიანი პერსონალით არის გამორჩეული. მშობიარობის ფასი 7 ათასი დოლარიდან იწყება.

ავსტრია

გერმანიისგან განსხვავებით, ავსტრიაში მშობიარობა ორჯერ უფრო იაფი ღირს. ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი 7 500 ევროდან იწყება, საკეისროსი კი 12 000 ევროდან.

ადგილობრივი კანონმდებლობით, ავსტრიაში დაბადებულ პირს, რომელიც კანონით მოთხოვნილი დროის განმავლობაში იცხოვრებს ქვეყნის ტერიტორიაზე, აქვს უფლება მოითხოვოს მოქალაქეობა სრულწლოვან ასაკამდე.