თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე შპს „დიდუბის“ დირექტორი დააკავეს

თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეებსა და შპს „დიდუბის“ დირექტორს ტრისტან დვალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ტრისტან დვალმა მოვაჭრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სამართალდამცავებმა დვალი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დაპირისპირება ტრისტან დვალის გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურში იყო დაბარებული. გარემოვაჭრეებმა მას კიდევ ერთხელ მიმართეს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე აშენებული კედელი გაეუქმებინა და მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, რასაც კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისათვის უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ მიემართება, სადაც ტრისტან დვალის პროცესი უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი, კვლავ თბილისის მერიასთან რჩება და შესაბამისი სამსახურის წარმომადგნელების განცხადებას ელოდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თბილისის მერიასთან პერმანენტული აქციები გაიმართება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დიდუბის ბაზარში ორ შპს-ს შორის ღობე შპს „დიდუბის“ დირექტორმა ტრისტან დვალმა გაავლო. აქციის მონაწილეები ქალაქის მერს სთხოვენ, დაინტერესდეს მათი პრობლემით და დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე არსებულ ბაზარში ღობე მოიხსნას.