სამების ტაძრისა და მახათას მთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე 1 800 000 დაიხარჯა

სამების ტაძრისა და მახათას მთის დამაკავშირებელი 2-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა განუცხადა.

სამება-მახათას დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.

გზის მშენებლობის სამუშოებს 4 თვის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებული „სახელმწიფო საამშენებლო კომპანია“ ასრულებდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სავალი გზა არასდროს ყოფილა. ასფალტის საფარი 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო. მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე წყლებისთვის გზის გასწვრივ კიუეტები დამონტაჟდა.

თბილისის მერის განცხადებით, სამებისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. იგი მოსახლეობისთვის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შეასრულეს.

„ვინაიდან ეს მხარე ვითარდება, ფართოვდება, მოსახლეობა აქ გადმოდის საცხოვრებლად, გზას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან კომფორტულად და მარტივად გადაადგილდნენ“, - დასძინა ნარმანიამ.