თბილისი იმ ქალაქებს შორის დასახელდა, რომელიც სექტემბერში უნდა ნახო

ტურისტული პორტალი Sky Scanners სექტემბერში დასვენების მსურველებს თბილისში მოგზაურობას ურჩევს.

პორტალის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ თბილისში, რომლის სახელიც „თბილს“ ნიშნავს, სექტემბერში საშუალო ტემპერატურა 26 გრადუსია.

სტატიაში ასევე მოთხრობილია თბილისის დაარსების ისტორია და აღნიშნულია, რომ საუკუნეების განმავლობაში ქალაქი სპარსელების, ბიზანტიელების, ოტომანების, რუსების დაპყრობის ობიექტი იყო.

Sky Scanners ვიზიტორებს ურჩევს, დაათვალიერონ თბილისში აბანოები, სიონის საკათედრო ტაძარი და ნარიყალა, რომელიც თბილისის ყველაზე ძველი არქიტექტურული ნაგებობაა და ხშირად მოიხსენიება, როგორც ქალაქის „გული და სული“.

პორტალი ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის მსოფლიოში ღვინის წარმოების უძველესი ქვეყანა.

Sky Scanners რეკომენდაციას უწევს ვიზიტორებს, ეწვიონ ღვინის ბარებს, რომელიც მრავლადაა წარმოდგენილი ქალაქის ძველ ნაწილში და ღვინო სულგუნის ყველთან დააგემოვნონ.

სექტემბერში დასვენების მსურველთათვის საქართველოს გარდა, რეკომენდირებულია ისეთი ადგილების მონახულება, როგორიცაა ვენეცია (იტალია), ბორდო (საფრანგეთი), სეული (სამხრეთ კორეა), ფიჯის კუნძულები, მიუნხენი, სადაც სექტემბერში ლუდის ფესტივალი ოქტობერფესტი იმართება, საბერძნეთი და იტალია.