IDFI - პროკურატურის 2016 წლის ბიუჯეტით პრემიებისთვის გათვალისწინებულია 2 721 000 ლარი

2016 წლის 26 მარტს IDFI-მ საქართველოს პროკურატურას მიმართა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც დაკავშირებული იყო 2011-2015 წლებში პროკურატურის მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან

, საკადრო უზრუნველყოფასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან. IDFI-ის განცხადებაზე პასუხის გასაცემად პროკურატურამ ითხოვა ერთთვიანი ვადა და 2016 წლის 6 მაისს მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, ქვემოთ წარმოდგენილი იქნება 2011-2015 წლებში საქართველოს პროკურატურაში ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი.

დასაქმებული თანამშრომლები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ, საქართველოს ხელისუფლება ხშირად აპელირებდა პროკურატურაში შესული საჩივარი/განცხადებების დიდ რაოდენობაზე. ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე პროკურატურაში სულ შევიდა 52,530 იმგვარი საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა. პროკურატურაში შესული საქმეების მატება აღნიშნული უწყებისთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან წინაპირობას დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, როგორც მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, 2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პროკურატურის საშტატო თანამშრომლების რაოდენობა შეადგენდა 604 თანამშრომელს. 2012 წლის ანალოგიური პერიოდისთვის ეს ციფრი 83-ით გაიზარდა და შეადგინა 687 თანამშრომელი, 2013 წელს - 740 თანამშრომელი, 2014 წელს - 765 თანამშრომელი, ხოლო 2015 წელს - 772 თანამშრომელი.

შტატში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მსგავსად, 2012 წლიდან გაიზარდა შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვიც. თუ 2011 წელს პროკურატურაში დასაქმებული იყო 22 შტატგარეშე თანამშრომელი, 2014 წლისთვის ეს ციფრი ეტაპობრივად 50-მდე გაიზარდა. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პროკურატურაში დასაქმებული იყო 42 შტატგარეშე თანამშრომელი.

2011-2015 წლებში პროკურატურიდან ყველაზე მეტი - 88 თანამშრომელი გათავისუფლდა 2012 წელს, რომელთაგან 65-მა სამსახური დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. 2011 წელს პროკურატურიდან გათავისუფლდა 68 თანამშრომელი, 2013 წელს - 77, 2014 წელს - 73, ხოლო 2015 წელს - 57.

შრომის ანაზღაურება

2012 წლიდან პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ, თავის მხრივ, განაპირობა შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხების მატებაც. თუმცა, პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს. მაგალითად, 2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საშტატო თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ შეადგინა 27,8%, ხოლო 2015 წელს 2012 წელთან შედარებით მათ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 69,1%-ით.

პროკურატურის შტატში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები შეადგენს:

2011 წელი - 14 540 949 ლარი;

2012 წელი - 15 214 572 ლარი;

2013 წელი - 20 108 742 ლარი;

2014 წელი - 24 743 192 ლარი;

2015 წელი - 25 720 900 ლარი.

შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყოველწლიური მატება თანამშრომლების ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. როგორც მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, 2014 წლამდე პროკურატურის თანამშრომლებზე დამატებითი ანაზღაურების სახით გაიცემოდა მხოლოდ პრემიები: 2011 წელს 3 830 289 ლარის პრემია, 2012 წელს - 4 557 686 ლარის პრემია, 2013 წელს - 5 900 857 ლარის პრემია. 2014 წელს პრემიების გაზრდილ რაოდენობასთან ერთად (6 283 579 ლარი), პროკურატურის თანამშრომლებზე დამატებით გაიცა 3 960 116 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და სულ გაცემულმა პრემიამ და დანამატმა ერთად შეადგინა 10 243 695 ლარი. 2015 წელს პროკურატურის საშტატო თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3 478 539 ლარით შემცირდა, თუმცა სახელფასო დანამატები 3 854 353 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების საერთო ოდენობა კვლავ გაიზარდა და 10 619 509 ლარი შეადგინა.

პროკურატურის 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით პრემიებისთვის გათვალისწინებულია 2 721 000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებისათვის 5 164 500 ლარი.

შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდა შეინიშნება შტატგარეშე თანამშრომლების შემთხვევაშიც. 2011-2013 წლებში შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცემოდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგო (2011 წელი - 188 162 ლარი, 2012 წელი - 156 932 ლარი, 2013 წელი - 388 268 ლარი). 2014 წელს 564 563 ლარის ოდენობის თანამდებობრივ სარგოსთან ერთად გაიცა აგრეთვე პრემია 100 275 ლარი, ხოლო 2015 წელს 578 251 ლარის ოდენობის სარგოსთან ერთად პრემია 132 095 ლარი და დანამატი 4 250 ლარი.

იხილეთ სრული ვერსი IDFI-ზე

გოგა თუშურაშვილი