საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამები დაინერგება

საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამები დაინერგება , - ამის შესახებ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.

გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლობამ, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიამ“ და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლამ აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვისა და ამ მიზნით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია ნაცვლიშვილმა, ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიის“ დირექტორმა ალხან ალიზადამ და აგარის საჯარო სკოლის დირექტორმა დარეჯან ბეგიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების პროგრამები აგარის საჯარო სკოლაში 2016 წლის სექტემბერში დაიწყება. მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღია იქნება როგორც მე-10-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურს პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პრფესიის შეძენა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში თანამედროვე მოდულების გამოყენებით წარიმართება. მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება ზაფხულის განმავლობაში. შეიქმნება და აღიჭურვება სახელოსნოები, ხოლო მასწავლებლები შესაბამის ტრენინგს გაივლიან სწავლების მოდულებში. მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 75 ადამიანი გაივლის. კურსდამთავრებულებს ექნება კარგი შესაძლებლობა, დასაქმდნენ ადგილობრივ შრომის ბაზარზე. აგარის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინიციატივა უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით და რომლის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან და განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ზრდასრული მოსახლეობისათვის.

„განათლების სისტემა უნდა იძლეოდეს პირადი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ასეთი განათლება გახდეს დასაქმების გაზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტი”, - განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია ნაცვლიშვილმა,

უწყების ცნობით, აგარის საჯარო სკოლის გამოცდილება ხელს შეუწყობს ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების დანერგვასა და კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას საქართველოს სხვა სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში.