დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სუს-ის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მეყანწიშვილი დააკავეს.

”გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს ქ. თბილისში 8271 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შემდგომში შესაბამისი ნებართვების დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა 10 000 ლარის გადაცემა. 2016 წლის 22 ივლისს დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს გამოართვა წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 5000 ლარი, ხოლო 2016 წლის 25 ივლისს გამოართვა თანხის მეორე ნაწილი - 5000 ლარი, რა დროსაც ის დააკავეს”, - განმარტავენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.