კობა გვენეტაძე - ეროვნულ ბანკს არ აქვს  კონკრეტული პროგნოზი გაცვლით კურსთან დაკავშირებით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ გაზაფხულზე ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ შემდეგ მოხდა კურსის კორექტირება იმ დონეზე, რაც დღეს გვაქვს.

ამის შესახებ კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, გაზაფხულზე იყო დადებითი ტენდენციები და ძვრები, კერძოდ, შემცირდა ფულადი გადმორიცხვების კლება. ამავე დროს საქართველოში ვიზიტორების უფრო მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, იყო დადებითი მოლოდინები და ყველა ამ კომბინაციამ გაზაფხულზე ლარის გამყარება გამოიწვია.

„ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთ და ვფიქრობთ, რომ ეს იყო უფრო ჩქარი, ვიდრე ის ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რომელიც მაშინ არსებობდა. ვფიქრობ, რომ მაშინ ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ მოხდა შემდეგ კურსის კორექტირება იმ დონეზე რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება სამომავლოდ არსებულ მოლოდინებს ლარის კურსთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს არ აქვს ორიენტირი გაცვლით კურსთან მიმართებაში, რადგან სებ-ის ძირითადი ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება და ამავე დროს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა.

„შესაბამისად, ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე განსაზღვრული და კონკრეტული პროგნოზი გაცვლით კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.