აშშ-ის სასამართლომ „ფოლქსვაგენს“ მომხმარებლისთვის 14,7 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

სან ფრანცისკოს საოლქო სასამართლომ გერმანულ ავტომწარმოებელ „ფოლქსვაგენს“ მომხმარებლისთვის კომპენსაციის სახით 14,7 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, საქმე ეხება „ფოლქსვაგენის“ გარეშემო მომხდარ დიზელის სკანდალს. კომპენსაციას სწორედ ის მომხმარებლები მიიღებენ, ვის მანქანებზეც დამონტაჟებული იყო პროგრამა, რომელიც მავნე გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებლებს ამცირებდა.

გასულ წელს გერმანული ავტოკონცერნის წინააღმდეგ ევროპაში, აშშ-სა და აზიაში გამოძიება დაიწყო. „ფოლქსვაგენმა“ აღიარა, რომ მინიმუმ 11 მილიონ მანქანას აქვს დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებელს აყალბებს.

თუმცა, თავდაპირველად აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ბრალდება 500 ათას ავტომობილს ეხებოდა, რომელიც აშშ-ში ბოლო 7 წლის განმავლობაში გაიყიდა.

„ფოლქსვაგენი“ იძულებული გახდა აშშ-ში გაყიდვიდან ამოეღო 2009-2014 წლებში გამოშვებული ყველა Jetta, Beetle, Audi A3 და Golf, ასევე 2014-2015 წლებში წარმოებული Passat-ები.