1 კგ რქაწითელის ფასი წელს 80 თეთრის ფარგლებში იქნება

წელს კახეთში ყურძნის არნახულ მოსავალს ელიან. 180 ათასი ტონა - ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური პროგნოზი.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ღვინის ექსპორტი გაიზარდა, ქართველი მეღვინეები ამბობენ, რომ ყურძენზე მოთხოვნა შარშანდელზე ბევრად დიდი არ იქნება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თუ ეს მოლოდინი გამართლდა, შემოდგომაზე რთული რთველი იქნება.

წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი, შარშანდელთან შედარებით, 44%-ით გაიზარდა. ამასთანავე, 18%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს ღვინის კომპანიებმა. ასეთი სტატისტიკის მიუხედავად, მეღვინეთა ნაწილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ყურძნის ჩაბარების მასშტაბები არც ისე დიდი იქნება.

"თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ ჯერ ზუსტად არ იციან, რა რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ გლეხებისგან. კომპანიას საკუთარი ვენახები აქვს, რთველის დაწყების წინ მოსავლის რაოდენობას ზუსტად დაითვლიან და მერე გადაწყვეტენ თუ რა რაოდენობის ყურძენი ჩაიბარონ. რეალურად ეს ყველაფერი კომპანიებს უკვე განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ, მაგრამ დეტალებზე ღიად საუბრისგან მაინც თავს იკავებენ.

"ჯერ რთველის დაწყებამდე თვენახევარი დარჩა. ამ ეტაპზე მოსავალს კარგი პირი უჩანს, მაგრამ შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, სეტყვა მოვიდეს, რაიმე დაავადება გაჩნდეს. ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, რა რაოდენობის ყურძნის ჩაბარებას შევძლებთ. არა მგონია, შარშანდელ მოცულობაზე ბევრად მეტი იყოს", - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი და იმასაც აღნიშნავს, რომ საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა. მისი თქმით, კომპანიისთვის მოწინავე ბაზრებია - ბალტიისპირეთი, ჩინეთი და რუსეთი.

შარშანდელისგან დიდად განსხვავებულ რთველს არც "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი ელის, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანიის ექსპორტი 10-15%-ით გაიზარდა.

"ახლა მიმდინარეობს ზუსტი კალკულაცია, არსებული მარაგების შეფარდება 2016-17 წლების გეგმიური რეალიზაციის მაჩვენებელთან. ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტად რა რაოდენობის ყურძენს ჩავიბარებთ. შარშანდელ მოცულობასთან შედარებით დიდი განსხვავება არ იქნება, არც ჩაბარების, არც ფასის თვალსაზრისით", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი. "თბილღვინოს" ქართული ღვინო 30 ქვეყანაში გააქვს, უმთავრესი ბაზრებია ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა და ჩინეთი.

იმისთვის, რომ ხელისუფლებას კახელი გლეხები არ გაუნაწყენდნენ, თანაც წინასაარჩევნოდ, ყურძნის სუბსიდირება წელსაც გადაწყდა. სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 45 თეთრით, 1 კგ საფერავზე _ 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 2 ლარით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს.

შარშანდელი წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ყურძენის საფასურს მოკლე პერიოდში, ყურძნის ჩაბარებიდან, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში მიიღებს. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გლეხმა ბანკში კუთვნილი თანხის ასაღებად პირადობის მოწმობა წარადგინოს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მეღვინეებმა ღვინის მთელი რეზერვი ამ ბაზარზე ერთბაშად გაიტანეს და ახალი მარაგის შესაქმნელად დიდი რაოდენობით ყურძნის შესყიდვა დასჭირდათ. მოთხოვნის ზრდამ ყურძნის ფასიც გაზარდა და საფერავის ღირებულებამ 2,8 ლარსაც კი მიაღწია. შარშან, რუსეთსა და უკრაინაში არსებული კრიზისის გამო, მეღვინეებს რეალიზაციის პრობლემები ისევ შეექმნათ. ამიტომ, მოთხოვნის კლებამ ყურძნის ფასიც შეამცირა.

2015 წელს, ღვინის საწარმოები ერთ კილოგრამ რქაწითელში 25 თეთრს იხდიდნენ, რასაც სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 35 თეთრი დაუმატა და ჯამში 60 თეთრი შეადგინა. საფერავს ღვინის კომპანიები 60 თეთრად იბარებდნენ და სუბსიდიის სახით 15 თეთრი ემატებოდა, ჯამში ერთი კილოგრამი საფერავის ფასი 75 თეთრი იყო. ზოგიერთი კერძო კომპანია რქაწითელში 70 თეთრსაც იხდიდა სუბსიდიის ჩათვლით, საფერავში კი - 85 თეთრს. ამ ფასით შეშფოთებული კახელები აქციებს აქციებზე მართავდნენ და ყურძნის ღირებულების 1 ლარამდე გაზრდას ითხოვდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეღვინეები წელს შარშანდელისგან დიდად განსხვავებულ ფასს არ ელიან და 1 კილოგრამი რქაწითელის ღირებულება, საშუალოდ, 70-80 თეთრი იქნება.

წელს სამინისტრო 180 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელის. შარშან, მთლიანობაში 148,358 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა: ყველაზე მეტი "რქაწითელი" - 78,507 ათასი ტონა, შემდეგ საფერავი - 45,506 ათასი ტონა, კახური მწვანე - 3 ათასი ტონა, ალექსანდრეულ-მუჯურეთული - 1,4 ათასი ტონა, ხოლო დანარჩენი ჯიშების წილი - 19,878 ათასი ტონაა.

ბოლო რამდენიმე წელია ქართველი მეღვინეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარი ჩინეთი გახდა. 6 თვეში ამ ქვეყანაში 1 მილიონ ბოთლ ღვინოზე მეტი გადაიტვირთა და ჩინეთმა საექსპორტო ქვეყნების სამეულში გადაინაცვლა. ქართული ღვინის სახლები იხსნება ჩინეთის სხვადასხვა რაიონში. ამჯერადაც, რთველის დაწყების წინ ქართულმა დელეგაციამ ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით მორიგი ღვინის სახლი სინძიანის პროვინციაში, ნანჩანგში, გახსნა. "მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გაგაცნოთ საქართველოს ყველაზე გამოცდილი ელჩი, ყველაზე კარგი მომლაპარაკებელი და ელჩებს შორის უხუცესი - ქართული ღვინო", - ასე წარუდგინა მინისტრმა საზოგადოებას ქართული პროდუქტი.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"