NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის სამ უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვას, პარტიის აქტივისტების შევიწროვებასა და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რა არის, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში? პასუხები ასე გადანაწილდა: ამომრჩევლის მოსყიდვა - 37%, ამომრჩეველთა/პარტიის აქტივისტების შევიწროვება - 32 %, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები - 15%, ხმის მიცემა ერთხზე მეტჯერ (კარუსელი) – 13 %, საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენის ჩაყრა - 15%, ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემა - 14%, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ სამსახურის შესანარჩუნებლად - 13%, მედიასაშუალებების მიერ კანდიდატებისა და პარტიების არათანაბარი გაშუქება - 13%, ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა - 13%.

რაც შეეხება შეკითხვას, რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას, - რესპონდენტთა 41%-მა პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა, 14%-მა პარტიის პოზიცია ჯანდაცვასთან დაკავშირებით, 11%-მა პარტიის პოზიცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, 9%-მა პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, 8 %-მა პარტიის პოზიცია საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, 6%-მა კი პარტიის პოზიცია განათლებასთან დაკავშირებით დაასახელა.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.