ადვოკატი -  ეს არის მართული პროცესი და აგრესია გადავიდა ვახტანგ რჩეულიშვილზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ამხანაგობა 88“-ის ეპიზოდზე „ცენტრ-პოინტის“ საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის ხუთი მოწმე.

მოწმეებმა ისაუბრეს მათ ზარალზე, რომელიც დაუმთავრებელი კორპუსის აშენებით მიადგათ.

მათი განცხადებით, გარდა ბინებისთვის და კომერციული ფართებისთვის განკუთვნილი თანხებისა, მათ ასევე დამატებით მოუწიათ სადარბაზოს მოპირკეთების თანხების გაწევა სხვადასხვა დაპირების სანაცვლოდ, თუმცა, როგორც აღნიშნეს, „ეს დაპირებები „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელებისგან სხვა დაპირებების მსგავსად შეუსრულებელი დარჩა“.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ლასა კოტრიკაძემ განაცხადა, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ „ცენტრ-პოინტის“ ჯგუფის ხელმძღვანელობამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

„დღეს დაიკითხა ბრალდების მოწმეები. მათ დააფიქსირეს, რომ მათი მხრიდან სრულად შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და „ცენტრ-პოინტ“ ჯგუფის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიადგათ ზიანი“, - განაცხადა კოტრიკაძემ.

ადვოკატის, მარი ცუცქირიძის თქმით კი, დღევანდელი პროცესიდან გამოიკვეთა, რომ პროცესები არის მართული და ამას ადასტურებს დაზარალებულის მხრიდან მოთხოვნა ვახტანგ რჩეულიშვილის დაკავების შესახებ, რა მოთხოვნაც აქამდე არ გაჟღერებულა.

„სამწუხაროა, რომ პროცესები არის მართული, სავარაუდოდ ხელისუფლების მხრიდან. დღემდე დაიკითხა 70 მოწმე და არც ერთ მოწმეს არ გაუჟღერებია სასამართლო პროცესზე ვახტანგ რჩეულიშვილის ან სხვა პირების დაკავების საკითხი. დღესვე ხუთი მოწმე დაიკითხა, ყველა მოწმე ამბობდა ერთი და იმავეს, რომ ვახტანგ რჩეულიშვილს შეეფარდოს პატიმრობა. ეს არის მართული პროცესი და აგრესია გადავიდა ვახტანგ რჩეულიშვილზე“, - განაცხადა მარი ცუცქირიძემ.

ამ ეპიზოდში ბრალდბეულის, რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით კი, პროკურატურა პროცესში მონაწილეებს არწმუნებს, რომ გამოსავალი არის დაკავება, თუმცა გამოსავალი სხვა რამეა.

„დაზარალებულების ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ფიქრობს, რომ დაზარალებულია, გამართლებულია თავისთავად. ის მოთხოვნები, რასაც დაზარალებულები აყენებენ, ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია. პროკურატურა იმაზე მეტს აფიქრებინებს მათ, ვიდრე შეიძლება რეალურად მიიღონ. არ მიმაჩნია, რომ ეს შედეგის მომტანი იქნება. პროკურატურა აძლევს იმედს მხოლოდ დაჭერის, რაც არ არის შედეგის მომტანი და ის რაც ამ ადამიანებს უნდათ“, - განაცხადა კერვალიშვილმა