საინვესტიციო ჯგუფმა ”ბიჯეო” 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა

საქართველოში კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა ”ბიჯეო” 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა.

საინვესტიციო ჯგუფი ”ბიჯეო” საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას განაგრძობს, დღეს ჯგუფის მიერ წარმატებით განათავსებულ 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციებზე იყო საუბარი.

როგორც ”ბიჯეოში” აცხადებენ, ეს არის საქართველოდან კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი ყველაზე გრძელვადიანი ევროობლიგაციის განთავსება. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას ”ბიჯეო” ქართული კომპანიების განვითარებაში მოახდენს.

”მოხარული ვარ, რომ ჯგუფი აქტიურად განაგრძობს ინვესტიციების მოზიდვას და 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი გვაქვს მოზიდული. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას ქართულ კომპანიებში ვახორციელებთ. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, ქართული კომპანიების გაფართოება, განვითარება, მართვის დასავლური სტანდარტების შესაბამისად და სამომავლოდ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მართვის დასავლური სტანდარტი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ”, - განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ ”ბიჯეოს”-ს გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეო“-ს მიერ განთავსებული ევროობლიგაციები 7-წლიანია, 2023 წლამდე ვადით და 6.0% წლიური საპროცენტო განაკვეთით. ჯგუფისათვის კი ეს რიგით მესამე ევროობლიგაციების განთავსებაა: 2007 წელს ჯგუფმა 200 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო 2012 წელს 400 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა. ევროობლიგაციების განთავსების პროცესს უხელმძღვანელა ბანქ ოფ ამერიკა მერილ-ლინჩმა (BofA Merrill Lynch) და ჯეიპი-მორგანმა (J.P. Morgan), გალტ ენდ თაგარტთან ერთად, რომელიც განთავსების თანახელმძღვანელი იყო. გამოშვებულ ობლიგაციებს ფიჩმა (Fitch) და მუდისმა (Moody's) BB- და B1 საკრედიტო რეიტინგი მიანიჭეს.

ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ”ბიჯეო” ქართული საინვესტიციო ჯგუფია, რომელმაც 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდა. როგორც ”ბიჯეოში” აცხადებენ, მოზიდული კაპიტალის ინვესტირებას ”ბიჯეო” სამშენებლო, ჯანდაცვის, საინვესტიციო, სადაზღვევო, საბანკო, ჰიდრო და სხვა წარმატებულ ქართულ ბიზნესში ახორციელებს.