სამომხმარებლო ფასების ინდექსი 15,7%–ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 1,5 პროცენტი შეადგინა.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი კი 2010 წლის საშუალოსთან შედარებით 15,7 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ივლისში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, სუსრსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,16 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (7,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი). რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს: ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (1,9 პროცენტი). ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც -0,11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12,7 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია

ფასების ცვლილებამ ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიც არის ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები, ჯანმრთელობის დაცვა და ტრანსპორტი.