საქართველოში დასაქმებულები ძალიან ცოტას გამოიმუშავებენ

საქართველოში მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,42-0,45 ცენტს შეადგენს, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი კი 2,2 დოლარის ფარგლებშია.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღნიშნული მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით მაღალია. მაგალითად, სომხეთში მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,76 ცენტია, აზერბაიჯანში - 0,77 ცენტი, რუსეთში - 0,93 ცენტი, თურქეთში კი - 1 დოლარი.

საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად, არც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. არადა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ყველგან არის დადგენილი და არცთუ ისე ცოტაა. ჩვენთან მინიმალური ხელფასის ცნება "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაუქმდა. 2005 წლამდე მინიმალური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენდა, შემდეგ კი ასეთი კრიტერიუმი არავის მოჰგონებია. ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმებული საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასს იღებს.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სამეზობლოში, მინიმალური ხელფასის ცნება არსებობს და შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს იმაზე ნაკლები არ გადაუხადოს. რეგიონში დასაქმებულთა მინიმალური საათობრივი ანაზღაურება კი ასე გამოიყურება: რუსეთი - 0,93 ცენტი, აზერბაიჯანი - 0,77 ცენტი, სომხეთი - 0,76 ცენტი, ბელორუსია - 1,3 დოლარი, თურქეთი - 1 დოლარი, უკრაინა - 0,70 ცენტი.

საქართველოში, ექსპერტული გაანგარიშებით, მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,42-0,45 ცენტს შეადგენს. ამაზე ნაკლებია მოლდავეთში, სადაც ეს მაჩვენებელი 0,41 ცენტია და ბანგლადეშში, სადაც საათობრივი ანაზღაურება მხოლოდ 0,10 ცენტია.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, იქ საშუალო საათობრივი ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. ბოლო ინფორმაციით, რომელიც 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ყველაზე ცოტა ხელფასი აქვთ ბულგარეთში, იქ საშუალო საათობრივი ანაზღაურეა 4,1 ევროს შეადგენს. 5 ევროს იღებენ რუმინეთში დასაქმებულები, 6,8 ევროს - ლიტველები, 7,1 ევროს - ლატვიელები, უნგრელებისთვის კი საათობრივი ანაზღაურება 7,5 ევროს უტოლდება.

ყველაზე მაღალ ხელფასს კი დანიაში იღებენ, იქ საათობრივი ანაზღაურება 41,3 ევროს შეადგენს, ბელგიაში 39,1 ევროა, შვედეთში - 37,4 ევრო, ლუქსემბურგში - 36,2 ევრო, საფრანგეთში კი - 35,1 ევრო. რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, ის საათობრივი ანაზღაურება 25-29 ევროს ფარგლებშია.

დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიმალური ხელფასის ცნება არ არსებობს, შესაბამისად, ოფიციალურად არავინ ითვლის, თუ რამდენს იღებს 1 საათში დაქირავებით დასაქმებული. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, თუ გავითვალისწინებთ სამუშაო საათების ოდენობასა და ხელფასს, გამოვა, რომ ადამიანი 178 საათი მუშაობს და საათში 0,42-0,45 დოლარს გამოიმუშავებს. მისივე თქმით, საშუალო საათობრივი ანაზღაურება საქართველოში 2,2 დოლარს შეადგენს, ნორვეგიაში კი 48 ევროა.

"დღეს საქართველოში შრომითი ხელშეკრულება შეიძლება იყოს დადებული როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით. იმის გამო, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა აშკარად დარღვეულია მიწოდების სასარგებლოდ, ამიტომ ეს გავლენას ახდენს ხელფასის სიდიდეზე და დაბლა სწევს მის მაჩვენებელს. მკაცრად ადმინისტრაციულად დადგენილი რომ იყოს მინიმალური ხელფასის განსაზღვრება, ეს გამოიწვევს შრომის ანაზღაურების დიდი ნაწილის ჩრდილში გადანაცვლებას და ის გახდება სხვა კანონდარღვევის საფუძველი", - განაცხადა არჩვაძემ.

აქ არის კიდევ ერთი არაპირდაპირი მაჩვენებელი - ეს არის ეკონომიკის სახელფასო ტევადობა, ანუ ხელფასის თანაფარდობა მშპ-თან: `ჩვენთან სახელფასო ფონდის მშპ-თან მიმართებით არის 24%-ის ფარგლებში მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 40%-ს აღწევს. ამიტომ ხელისუფლების ვალდებულებაა, იმუშაოს ამ მიმართულებით და სიტუაცია წინ წასწიოს.

დასაქმებულების საშუალო ხელფასის სიდიდე მეტ-ნაკლებად შეესაბამება ეკონომიკის განვითარების დონეს. აქ ზრდის რესურსი შეიძლება გამოინახოს მხოლოდ ეკონომიკის მთლიანი ზრდის პირობებში. მეორეა ის, რომ თვითონ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არის ძალიან დაბალი და ჩვენი ხელისუფლების მოვალეობაა, შექმნას ისეთი სამეწარმეო გარემო, კლიმატი, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდოს. საქართველო უნდა მიუახლოვდეს მეზობელი ქვეყნის, თურქეთის დონეს მაინც. ევროპული სტანდარტი საოცნებოა. როცა გვექნება იმის საშუალება, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ, მაშინ მინიმალური და საშუალო ხელფასის მეტნაკლებობა ასე მძიმედ აღსაქმელი არ იქნება", - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი მუდმივად მზარდია. მაგალითად, 2016 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი შეადგენდა 913 ლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 7%-ითაა გაზრდილი. 2015 წლის პირველ კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასის ოდენობა 855,9 ლარს შეადგენდა.

დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ფორმირებაზე, როგოც წესი, გავლენას ახდენს ტოპმენეჯერებისა და სახელმწიფო სექტორში მომუშავე დიდი თანამდებობის პირთა ანაზღაურება. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობისთვის 913-ლარიანი ხელფასი სანატრელია. დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობაც აჩვენებს, რომ დაქირავებით დასაქმებულთა უმრავლესობას 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები სიღარიბის ზღვართან ახლოს იმყოფებიან.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"