ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღსაკვეთად ცხელი ხაზი ამოქმედდა

ფარმაცევტს პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის გაცემის შემთხვევაში, ერთი წლით შეეზღუდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ ცვლილებები განხორციელდება.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პირველი ცვლილებით ფარმაცევტებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუკი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას; მეორე ცვლილება კი მეწარმეებს ეხებათ.

„მეწარმეებს ზოგადად არ აქვთ შეზღუდვა პარალელური აქტივობების კეთებით. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ავტომობილების შემკეთებელი დაწესებულება და პარალელურად გახსნას ფსიქოტროპული აფთიაქი. ასეთი ადამიანები საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში თუ აქვთ სამართალდარღვევა, იყვნენ ნასამართლევი, ან აქვს ბიუჯეტის წინაშე დარღვევა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, ზემოქმედების ეს ორი ინსტრუმენტი დღეიდან შევა ძალაში.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, გამკაცრდება მონიტორინგიც.

„მონიტორინგი იმუშავებს 24/7 საათიან რეჟიმში, იქნება მორიგე და გეგმური შემოწმების გარდა, ცხელ ხაზზე 15 05-ზე შესულ შეტყობინებებზე, სადაც ადგილი ჰქონდა ასეთ ქმედებას, დაუყოვნებლივ გავა მონიტორინგის ბრიგადა და ადგილზე მოახდენენ რეაგირებას“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ეს არ არის საბოლოო ნაბიჯები ამ კუთხით.