ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა

ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა. როგორც  ბორჯომის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, წაქცეულია ასწლოვანი ხეები და ჩახერგილია ატრაქციონებთან მისასვლელი გზები.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის სატყეო დეპარტამენტის 50 თანამშრომელი გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

როგორც გამგებელმა აღნიშნა, დროებით ტურისტებს პარკში შესვლა შეზღუდული აქვთ, თუმცა დღის მეორე ნახევარში გზა სავარაუდოდ გაიწმინდება და მინერალური წყლის აღება ყველას შეეძლება.

გამგებლის ინფორმაციით, კომპანია ”ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ბორჯომში იმყოფება და მიმდინარეობს სამუშაოები, რომ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგეთ.

„ხეებია ჩახერგილი ტყეში. ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე გზა გახსნილია, თუმცა ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ.

მინდია ჯანელიძე იმყოფება ბორჯომში, ვიმყოფებით პარკის ტერიტორიაზე, შემდგომ გვექნება შეხვედრა, დაისახება კონკრეტული გეგმები, დაითვლება ზარალი. ამ დროისთვის, მთლიანად ბორჯომში სიტუაცია ნორმალიზებულია, მოსახლეობაც და ტურისტებიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან”, - განაცხადა გამგებელმა.

რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა ჯერ დათვლილი არა არის.