მურმან მარგველაშვილი - ჰესების საკითხზე უნდა შეიქმნას მრავალმხრივი ჯგუფი

ენერგეტიკის საკითხების სპეციალისტის, მურმან მარგველაშვილის განცხადებით, უნდა შეიქმნას მრავალმხრივი ჯგუფი, რომელიც ჰესებთან დაკავშირებით შემდგომში გასაფორმებელ ხელშეკრულებებს მსოფლიო სტანდარტებთან მოიყვანს შესაბამისობაში.

ამის შესახებ მურმან მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.

„ჩვენ მივდივართ ძალიან საინტერესო პერიოდში, ეს არის არჩევნების პერიოდი და წინასაარჩევნოდ, როცა ენერგეტიკულ პოლიტიკაზე იქნება საუბარი, ხოლო არჩევნების შემდგომ ახალი მთავრობა, რომელიც თავის ენერგეტიკულ პოლიტიკას გაატარებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პრობლემების განხილვა, რომელიც აღმოსაფხვრელია და აუცილებელია დავაფასოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს. ამ თვალსაზრისით, სამუშაო ძალიან ბევრია“, - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ აუცილებელია ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობა, აუცილებელია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ.

მურმან მარგველაშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ემსახურება ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის რჩევებისა და კონკრეტული რეკომედაციების მიცემას და ერთ-ერთი მათგანი მრავალმხრივი ჯგუფის შექმნაა.