კვლევის შედეგებით, ქვეყნის მოსახლეობას საშუალო ფინანსური ცოდნა აქვს

საქართველოში ჩატარებული ფინანსური განათლების კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობას საშუალო ფინანსური ცოდნა აქვს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი და იქვე აღნიშნულია, რომ იკვეთება ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით გააქტიურებული მუშაობის აუცილებლობა.

”კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საბაზისო ფინანსური ცნებების - როგორიცაა პროცენტი, რისკები და უკუგება, ინფლაცია – დამაკმაყოფილებელი ცოდნა აქვს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ფორმით ზოგავს ფულს, ხოლო გამოკითხულთა 87%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობას იღებს პირადი ან ოჯახის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.

თუმცა, აღნიშნულმა კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტების არასათანადო ცოდნა აქვთ და შესაბამისად, ნაკლებად იყენებენ მათ; გარდა ამისა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია ფინანსური მიზანი”, - ნათქვამია კვლევაში.

”ვამაყობთ იმით, რომ დავაფინანსეთ კვლევა და მონაწილეობა მივიღეთ ბროშურების განვითარების პროცესში. ეს ორი პროექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური განათლების გაუმჯობესების კუთხით, რაც EFSE-ს განვითარების პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს“, - განაცხადა EFSE-ს განვითარების პროგრამის კომიტეტის წევრმა, ევა ვან დერ ჰოიველმა.

აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ბინათმესაკუთრეებისა და მცირე ბიზნესებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო ბროშურები წარუდგინა.

“ორივე პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსური განათლების მიმართულებით: კვლევის შედეგები საყურადღებოა ფინანსური განათლების პროგრამების განვითარებისთვის და ამასთან, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ე.წ. „ბენჩმარკების“ დასახვისთვის. ბროშურები კი, თავის მხრივ, მომავალ ბინათმესაკუთრეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს საკვანძო ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამას ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული ფინანსური განათლების წამოწყებების მუდმივი მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, „ევროპული ფონდის სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და კვლევითი ორგანიზაცია „სონარის“ ჩართულობით განხორციელებული ფინანსური განათლებისა და ჩართულობის კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1 100 ადამიანი გამოიკითხა მოსახლეობის ფინანსური ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების შესასწავლად. აღნიშნული კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში პირველად განხორციელდა. ქვეყანაში დაფიქსირებული შედეგები ჩართული იქნება საერთაშორისო შედარებით ანგარიშში, რომელსაც OECD მიმდინარე წლის ბოლომდე გამოსცემს.