სამოთხის ვაშლი, რომელიც დეკორატიულ მებაღეობაშიც გამოიყენება

თუ მგზავრობისას გზის პირებზე თეთრად ან ვარდისფრად აფეთქებულ მომცრო ხეებს დაინახავთ, ესე იგი, სამოთხის ვაშლს გადაეყარეთ.

ასე მას უჩვეულო სილამაზის გამო დაარქვეს. "სამოთხის ვაშლს მრავალი დადებითი თვისება აქვს, რომლის შესახებ უმეტესობამ არაფერი იცის", - ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა,­ რო­მლის აზ­რით, სამოთხის ვაშლი მხოლოდ­ დეკორატიული მცენარე არ არის.

- ჩვენში გავრცელებულ კავკასიურ სამოთხის ვაშლს "ჩინურს" ეძახიან. ალბათ, იმიტომ, რომ ჩინე­თში ის ძალიან დიდი რაოდენობით ხარობს. ვაშლის ამ სახეობას ჩინელები დიდ პატივს სცემენ. სამოთხის ვაშლი მოხდენილი, კომპაქტური ხეა, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავილობს და ულამაზეს, წითელ ან ყვითელ ნაყოფს ისხამს. ზამთარში ეს ნაყოფი ზედ რჩება. ხალხში ამბობენ, მცენარე ისეთი ლამაზია, სამოთხესაც ანათებსო. ის დიდი არ იზრდება, მომცრო ტანის ხეა და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული - არის ციმბირული, კავკასიური ჯიშები, ველური, წითელ­ნაყოფა და ყვითელნაყოფა, მოკლედ, სხვადასხვა ფორმისა და შეხედულების. სხვადასხვა სიდიდისაა მისი ნაყოფიც. ეტყობა, ჩვენთან, საქართველოში დიდი ხნის წინ შემოიტანეს.

ეზო-მიდამოს მშვენება

სამოთხის ვაშლი საქართველოს ყველა­ კუთხეში ხარობს, ყველაზე ხშირად კი იმერეთსა და კახეთში გვხვდება. მას ეზოების გასალამაზებლად რგავენ. მართალია, ეკონომიკურად მომგებიანი მცენარე არ არის, მაგრამ კარგია საკარმიდამო ნაკვეთში გასაშენებლად. ჯერ ერთი, ლამაზია და მეორე - მისგან არაჩვეულებრივი მურ­აბა მზადდება. სამოთხის ვაშლისგან უგემრიელეს, არომატულ ღვინოსაც ამზადებენ... მისი მურაბა სასტუმრო, "გასაპრანჭია", მასთან ერთად თამამად შეგიძლიათ სტუმრები ჩაიზე, ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მიიპატიჟოთ, მერქანი კი ძვირფასი მასალაა ხორცის შესაბოლად - ამ მიზნით მერქანს უფრო მეტად ჩინეთსა და ციმბირში იყენებენ. სამოთხის ვაშლი კარგი დამამტვერიანებელია.

თუ ათ ძირ ჩვეულებრივ ვაშ­ლს დარგავთ და გვერდით სამოთხის ვაშლს მიურგავთ, უნდა იცოდეთ, რომ ეზოში არაჩვეულებრივი დამამტვერიანებელი გაქვთ. თუმცა ჩვენთან სამოთხის ვაშლს ამ მიზნით უკვე იშვიათად იყენებენ - ჩვენს ქვეყანაში არის კარგი დამამტვერიანებელი კულტურული ჯიშები და ფერმერსაც ისინი ურჩევნია. ტყეში ეს მცენარე ძალიან ხშირად გვხვდება, ოღონდ მაჟალო ვაშლში არ უნდა აგვერიოს: მართალია, ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ მაჟალო ვაშლი სულ სხვაა.

როგორ გავახაროთ

სამოთხის ვაშლის ნერგები იყიდება და დეკორატიულ მებაღეობაშიც გამოიყენება.

ის კარგად ხარობს ყველანაირ ნიადაგზე, რადგან ერთდროულად ყინვაგამძლეც არის და გვალვაგამძლეც. ველური მცენარეა, ველური მცენარეები კი უფრო გამძლე და ამტანი არიან. უყვარს ტენი და მორწყვაც სჭირდება, უფრო კარგად ხარობს ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე, ანუ მთიან ადგილებში.

სამოთხის ვაშლი ნაკლებად ავადდება მავნებელი დაავადებებით, ამიტომ ხშირ შეწამვლას არ მოითხოვს და ეკოლოგიურად სუფთა მცენარეც გახლავთ.

ძნელი მოსავლელიც არ არის: წელიწადში 1-2-ჯერ აუცილებლად უნდა მიაშველოთ საკვები, უმჯობესია ორგანული სასუქები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა. მცენარე რაც უნდა ძლიერი იყოს, ჩვენს ქვეყანაში ატმოსფერო ძალიან დაბინძურებულია და ის მაინც ავადდება, ამიტომ ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური შესაწამლი საშუალებები უნდა მივაშველოთ.

გემრიელი "კულინარი"

სამოთხის ვაშლს კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს: ის ეროზიის საწინააღმდეგო მცენარეა და ნიადაგს ძალიან კარგად ამაგრებს. ამიტომ, სადაც მეწყრიანი ადგილებია, იქ უნდა გააშენონ, მაგრამ აქაც ის უშლის ხელს, რომ მისი ნაყოფი ძვირი არ არის. ფერმერები ცდილობენ, ეროზიის საწინააღმდეგოდ უფრო შემოსავლიანი მცენარეები გამოიყენონ, მაგალითად, თხილი.

სამოთხის ვაშლი ძალიან კარგი საძირეც არის კულტურული ჯიშებისთვის. უცხოეთში მას ამ მიზნით სისტემატურად იყენებენ, ყინვაგამძლეობისა და გვალვაგამძლეობის გამო. სასურველია, ჩვენმა ფერმერებმაც დარგონ ეს ვაშლი. სამოთხის ვაშლის მერქანი ნელა იწვის, საუკეთესო არომატი აქვს და მისი გამოყენებისას არაჩვეულებრივი გემოს მწვადი იწვება.

წყარო "კვირის პალტრა"